ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეიოფის პირველ მატჩი დასრულდა. მიხეილ მესხზე გამართული დაპირისპირება, რამაზ სვანაძის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ხორვატია მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა და მეორე მატჩის წინ, უპირატესობა შეიქმნა.
მატჩის შემდეგ მედიასთან ოთო მამაგეიშვილმა ისაუბრა:
"დაძაბული თამაში გამოვიდა და სხვა შედეგს არ ველოდი. ვფიქრობ მეტი შეგვეძლო, მაგრამ ყველაფერი რაც ამ მატჩში დაგვაკლდა, მომდევნო შეხვედრისთვის გამოვასწორებთ. ჯერ არაფერი დასრულებულა, პლეიოფი ორმატჩიანია და მეორე თამაშზე ვეცდებით, რომ იმ შედეგს, რომელიც გვინდა და იმ მიზანს, რომელიც დავისახეთ, მივაღწიოთ და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ.
პირველი თამაში მიუხედავად იმისა, რომ სახლში ვითამაშეთ, მაინც ძალიან დაძაბული გამოდგა, მაგრამ გვეხმარებოდნენ ჩვენი გულშემატკირვები, რომლებიც ყოველთვის გვერდში გვიდგანან. მეორე თამაშში მათ ექნებათ გულშემატკივირს უპირატესობა, თუმცა ვეცდებით, პირველ თამაშზე უკეთესი პერფორმანსი ვაჩვენოთ ხორვატიაში."
სვანაძის გუნდი საპასუხო შეხვედრას 19 ნოემბერს, ხორვატიის ქალაქ რიეკაში გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: ხატია დვალიძე