ოქროს და ბრინჯაოს შანსი - გრიგალაშვილი პირველობისთვის, ხოლო გოჩილაიძე მესამე ადგილისთვის იბრძოლებს

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა, პირველი წრეში დაისვენა და მეორე წრეში გერმანელი კაველიუსი დაამარცხა, ხოლო შემდეგ თურქეთის სახელით მოჭიდავე ალბაირაქს მოუგო და 1/4 ფინალში გავიდა. ქართველმა ძიუდოისტმა 1/4 ფინალში ტაჯიკი მახმადბეკოვი დაამარცხა, 1/2 ფინალში კი სამხრეთ კორეელ ლის აჯობა და ფინალის საგზური მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ ეცდება მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას - ოქროსთვის ბრძოლაში ქართველის მეტოქე რუსი არბუზოვი იქნება.
დიმიტრი გოჩილაიძემ ასპარეზობა პირველი წრიდან მოლდოველი ლაციევის დამარცხებით დაიწყო, ხოლო შემდეგ ეტაპზე რუმინელ სულჩას მოუგო და 1/8 ფინალში გავიდა, სადაც იტალიელი ესპოსიტო დაამარცხა. 1/4 ფინალში ქართველმა ავსტრიელი ფაშინგის ბარიერი დაძლია, თუმცა, 1/2 ფინალში რუს არბუზოვთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაზე გადაერთო. ბრინჯაოს მედლისთვის გოჩილაიძე ტაჯიკ მახმადბეკოვს შეხვდება.
ფინალური ორთაბრძოლები დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.









