World Rugby Nations Cup 2026-ის მეორე ეტაპის მატჩების განრიგი ოფიციალურად დადასტურდა.
ნოემბრის შეხვედრები 6-21 ნოემბერს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ჰონგ-კონგში გაიმართება.
ტურნირის მეორე ეტაპზე 12 გუნდი 18 მატჩს ჩაატარებს, მათ შორის საქართველოს ნაკრები, რომელიც ივლისის სამი ტურის შემდეგ B ჯგუფს დაუმარცხებლად ლიდერობს.
World Rugby Nations Cup 2026-ის მონაწილეები 2027 წლის კაცთა რაგბის მსოფლიო თასზე კვალიფიცირებული გუნდები არიან. ტურნირი მათ საერთაშორისო კალენდარში მაღალი დონის რეგულარულ მატჩებსა და ავსტრალიაში გასამართი 2027 წლის მსოფლიო თასისთვის მომზადების დამატებით შესაძლებლობას სთავაზობს.

შეჯიბრების ფორმატის მიხედვით, 12 გუნდი ორ ჯგუფშია განაწილებული. A ჯგუფში ამერიკისა და წყნარი ოკეანის წარმომადგენლები კანადა, ჩილე, სამოა, ტონგა, ურუგვაი და აშშ ასპარეზობენ, ხოლო B ჯგუფში საქართველო, ჰონგ-კონგ ჩინეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი და ზიმბაბვე. თითოეული გუნდი მეორე ჯგუფის ყველა მეტოქეს ერთხელ ხვდება. ივლისის სამი ტურის შემდეგ A ჯგუფს აშშ ლიდერობს, ხოლო B ჯგუფში პირველი ადგილი საქართველოს ეკუთვნის. ორივე ნაკრებმა ტურნირის პირველ ეტაპზე სამივე შეხვედრა მოიგო. ამ დროისთვის მხოლოდ ურუგვაისა და ზიმბაბვეს არ აქვთ გამარჯვება.
პირველი ეტაპის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა კანადასა და ესპანეთს შორის შედგა, რომელიც 42:42 დასრულდა და ტესტ-მატჩების ისტორიაში ყველაზე მაღალქულიან ფრედ აღინიშნა. ივლისის მატჩებს შორის მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა ჰონგ-კონგ ჩინეთმაც, რომელმაც ურუგვაის წინააღმდეგ გამარჯვება მოიპოვა.
ნოემბრის სერია 6 ნოემბერს, პარასკევს, ბუქარესტში დაიწყება. მეოთხე ტურის პირველ შეხვედრაში რუმინეთი ტონგას „ტრიუმფის თაღის ეროვნულ სტადიონზე“ უმასპინძლებს. 7 ნოემბერს საქართველო თბილისში კანადას დაუპირისპირდება. იმავე დღეს პორტუგალია ლისაბონში ჩილეს უმასპინძლებს, ზიმბაბვე ინგლისის ქალაქ უეიკფილდში სამოას შეხვდება, ხოლო ესპანეთი მადრიდში ურუგვაის დაუპირისპირდება.












