19 ივლისს, 01:00 საათზე გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი მესამე ადგილისთვის - საფრანგეთი ინგლისის წინააღმდეგ. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
საფრანგეთი V ინგლისი | 01:00
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ, საფრანგეთი და ინგლისი მოიაზრებოდნენ ტურნირის მთავარ ფავორიტებად, თუმცა ამ ნაკრებების ოცნებები არგენტინამ და ესპანეთმა დაამსხვრიეს. "მამლებს" ჰქონდათ შანსი ეთამაშებათ მუნდიალის ზედიზედ მე-3 მთავარ შეხვედრაში, რაც უკანასკნელად შეძლო ბრაზილიამ, 1994-2002 წლებში.
ბრიტანელებს კი პირველი და ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ, რომელიც იყო შორეულ 1966 წელს, ფინალშიც კი აღარ უთამაშიათ. საინტერესოა, რომ აშშ-ს მუნდიალის დასრულებით, დიდიე დეშამი დაემშვიდობება "ლურჯებს" და მის ადგილს ზინედინ ზიდანი დაიკავებს. ასე დაიწყება ახალი ერა საფრანგეთში.
ცალკე გამოსარჩევია კილიან მბაპეს ფაქტორი, ვინც პირველად თავის კარიერაში, 27 წლის ასაკში ატარებს მსოფლიო ჩემპიონატს, რომელშიც ის მთავარ შეხვედრამდე ვერ მივიდა. დიახ, ფრანგი ფორვარდის ანგარიშზეა ჩემპიონობა 2018-ში და ვიცე-ჩემპიონობა 2022-ში. ვნახოთ, შეძლებს თუ არა მადრიდის რეალის გოლეადორი მე-3 პოზიციის დაკავებას.
"მამლების" ათიანი ინარჩუნებს ბრწყინვალე შანსს, რომ გახდეს არა მხოლოდ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, არამედ ზოგადად, მუნდიალის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორიც. აშშ-ს ტურნირზე ლეო მესისა და "დონატელოს" გატანილი აქვთ 8-8 ბურთი, საერთო რბოლაში კი ის ლეგენდარულ ფლეიმეიქერს ჩამორჩება 1 გოლით (21:20).
ეს იქნება ამ ნაკრებების რიგით 33-ე მატჩი და იქამდე, 17-ჯერ იმარჯვეს "სამი ლომის" ფეხბურთელებმა, 10-ჯერ - "ლურჯებმა", 5 მატჩიც ფრედ დასრულდა. უკანასკნელ 9 შეხვედრაში საფრანგეთმა წააგო მხოლოდ 1-ხელ, 2015-ის ამხანაგურ დუელში, სხვა თამაშებში კი 6-ჯერ მოიგო და 2-ჯერ ფრედ დაასრულა.















