დღეს დაიწყება მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტური, რომელიც პლეიოფს უფრო მიგვაახლოვებს. განვიხილოთ თითოეული შეხვედრა.
A ჯგუფი
მექსიკა V სამხრეთ კორეა -ჯგუფის უმნიშვნელოვანესი მატჩი. მექსიკას შინაურ კედლებში გამართულ მეორე დაპირისპირებაშიც გიჟური მხარდაჭერა ექნება, მაგრამ სამხრეთ კორეა ბევრად უფრო სახიფათო და ორგანიზებული მოწინააღმდეგეა, ვიდრე სამხრეთ აფრიკა. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ "აცტეკებს" სონ ჰინ მინის შეჩერება სჭირდებათ.
ჩეხეთი V სამხრეთ აფრიკა -ფიზიკურ სიძლიერეზე ორიენტირებული ფეხბურთის ზეიმი. ჩეხეთის ევროპული დისციპლინა, ტომაშ სოუჩეკის ბრძოლისუნარიანობა და პატრიკ შიკის საგოლე ალღო დაუპირისპირდება სამხრეთ აფრიკელთა ათლეტიზმსა და ენერგიას. ორივე ეროვნული გუნდისთვის აღნიშნული შეხვედრა პლეი-ოფის იმედის შესანარჩუნებლად გადამწყვეტია.
B ჯგუფი
შვეიცარია V ბოსნია -ევროპული, ტაქტიკური დაპირისპირება. შვეიცარია მატჩს მოედნის ცენტრიდან მართავს და ისევ პრაგმატულად ეცდება ოპონენტის უკანახაზის გატეხვას, ამჯერად ბოსნიის. მოწინააღმდეგე კი ეცდება თამაშის შენელებასა და პოზიციურ ბრძოლას, მაგრამ "როსოკროჩიატის" ტაქტიკური სიმწიფე მათ ფავორიტად აქცევს.
კანადა V კატარი -კანადას აქვს იდეალური შანსი, რომ აიღოს მნიშვნელოვანი ქულები. ალფონსო დევისი და მისი თანაგუნდელები პირველივე წუთებიდან მაღალ ტემპში ითამაშებენ. კატარი, სავარაუდოდ, ისევ ღრმა უკანახაზს აირჩევს და აფიფის იმედად იქნება, მაგრამ "ნეკერჩხლის ფოთოლთა" უპირატესობა აშკარაა.
C ჯგუფი
ბრაზილია V ჰაიტი -მატჩი, სადაც სიურპრიზები ნაკლებად მოსალოდნელია. ბრაზილია მოედანზე სრული დომინაციისთვის გამოვა. რაფინია, ვინისიუსი და სხვები ჰაიტის უკანახაზს უდიდეს პრობლემებს შეუქმნიან. აუტსაიდერად მონათლული ოპონენტისთვის ეს იქნება თავდადებული ბრძოლა ღირსეული შედეგისთვის.
შოტლანდია V მაროკო -უაღრესად საინტერესო დაპირისპირება. შოტლანდია ენდრიუ რობერტსონისა და სკოტ მაკტომინეის ლიდერობით ფსონს ფლანგურ ჩაწოდებებსა და ხისტ ბრძოლებზე დადებენ, მაგრამ აშრაფ ჰაკიმის მაროკო უკანახაზში ნამდვილი გაუვალი კლდეა. აფრიკის თასის მოქმედი ჩემპიონები კომპაქტურად ჩაიკეტებიან და სწრაფი გადასვლებით ეცდებიან ბრიტანელთა დასჯას, ისე როგორც ეს ბრაზილიის შემთხვევაში მოხდა.
D ჯგუფი
აშშ V ავსტრალია -აშშ შინაურ კედლებში ხვდება ავსტრალიას და ეს მატჩი ჯგუფის ლიდერობისთვის ბრძოლა იქნება.ორივე ნაკრებს სჭირდება ქულები, რათა ბოლო ტურის წინ კომფორტული პოზიცია ჰქონდეთ. საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ ერთ-ერთი მათგანი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცალი ფეხით 1/16 ფინალში აღმოჩნდეს.
თურქეთი V პარაგვაი -თურქეთს პირველი ტურის შემდეგ სატურნირო მდგომარეობის გამოსასწორებლად აქ მხოლოდ სამი ქულა სჭირდება. პარაგვაი კი თავისი ცნობილი პრაგმატული სტილით, შეეცდება მინიმუმ 1 ქულის აღებას. შეცდომის დაშვების უფლება არცერთ ეროვნულ გუნდს არ აქვს.
E ჯგუფი
გერმანია V კოტ-დ'ივუარი -გერმანია ამ მატჩში გამარჯვებით სრულად ინაღდებს ჯგუფში პირველ ადგილს (ექვსი ქულა). კოტ-დ'ივუარისთვის ეს არის შეხვედრა, რომელშიც ქულის წამოღებაც კი ოქროს ტოლფასია. თუ აფრიკელები ფრეს მიაღწევენ, უკანასკნელ ტურში აუტსაიდერ კურასაოსთან მოგებით გარანტირებულად გავლენ პლეი-ოფში.
ეკვადორი V კურასაო -ეკვადორისთვის ეს მატჩი არის შანსი, აუცილებლად ჩაიწეროს სამი ქულა და თანაც მაქსიმალურად გააუმჯობესოს ბურთების სხვაობა. უკანასკნელ ტურში გერმანიასთან შეხვედრის წინ, სამხრეთ ამერიკელებს მყარი ფუნდამენტი სჭირდებათ.
F ჯგუფი
ნიდერლანდები V შვედეთი -ევროპული ნაკრებების პირდაპირი ბრძოლა პირველი ადგილისთვის. შვედეთი ეცდება პელიოფის საგზურის განაღებას, ნიდერლანდები კი პირველი მოგების მოპოვებას.
ტუნისი V იაპონია - იაპონიას ამ მატჩში მხოლოდ სამი ქულა სჭირდება, რათა ბოლო ტურის წინ პლეი-ოფში გასვლის რეალური შანსი ჰქონდეს, თუნდაც საუკეთესო მე-3 ადგილით. ტუნისისთვის წაგება ტურნირიდან გამოთიშვის ტოლფასია.
G ჯგუფი
ბელგია V ირანი -ბელგია გამარჯვების შემთხვევაში ავტომატურად გადადის შემდეგ ეტაპზე ექვსი ქულით. ირანისთვის ამ მატჩში ერთი ქულის მოპოვებაც კი სენსაცია და უდიდესი სატურნირო ბონუსი იქნება, რაც მათ უკანასკნელ ტურში 1/16 ფინალში გასვლის შანსი შენარჩუნებული ჰქონდეთ.
ახალი ზელანდია V ეგვიპტე -ეგვიპტისთვის ეს არის მატჩი, სადაც გამარჯვება აუცილებელი მოთხოვნაა. მოჰამედ სალაჰის გუნდს სჭირდება სამი ქულა, რათა უკანასკნელ ტურში ირანთან შეხვედრის წინ მდგომარეობა არ გაირთულოს.
H ჯგუფი
ესპანეთის V საუდის არაბეთი - ესპანეთს აუცილებლად სჭირდება სატურნირო მდგომარეობის გამოსწორება და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მოგების მოპოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კიდევ უფრო გაირთულებენ ჯგუფიდან გასვლის საკითხს, რადგან მოწინააღმდეგე მე-3 ტურში ურუგვაი იქნება.
ურუგვაი V კაპო ვერდე - კაპო ვერდემ გააოგნა მთელი სამყარო, როდესაც ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან ფრე ითამაშა. ვნახოთ, გაგრძელდება თუ არა აფრიკელთა ზღაპარი ურუგვაისთან.
I ჯგუფი
საფრანგეთი V ერაყი - მატჩი, რომლის დასრულების შემდეგ, საფრანგეთი პლეიოფის საგზურს უდიდესი ალბათობით გაინაღდებს. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გამოკვეთილი ფავორიტი იქნება. ცალკე გამოსარჩევია კილიან მბაპეს ფაქტორი, რომელიც მიროსლავ კლოზესა და ლიონელ მესის 2 ბურთით ჩამორჩება.
ნორვეგია V სენეგალი -უმნიშვნელოვანესი მატჩი მეორე ადგილისთვის. ნორვეგიამ პირველი ტურის წარმატების შემდეგ, აქ ფრეს მიღწევითაც კი (4 ქულა) თითქმის ხელში ჩაიგდებს პლეი-ოფის საგზურს. სენეგალისთვის ეს მატჩი ფინალია – წაგების შემთხვევაში ისინი პრაქტიკულად ტოვებენ ჩემპიონატს.
J ჯგუფი
არგენტინა V ავსტრია -ჯგუფის ცენტრალური მატჩი. გამარჯვებული იღებს ექვს ქულას და პირველ ადგილს. არგენტინისთვის ფრეც მისაღებია, რადგან უკანასკნელ ტურში შედარებით იოლი მოწინააღმდეგე ჰყავთ, ავსტრია კი შეეცდება გამარჯვებით სატურნირო სენსაციის მოხდენას, მაგრამ ფავორიტი მაინც "ალბისელესტეა".
იორდანია V ალჟირი -არაბული დაპირისპირება, სადაც ფრე ორმხრივი სატურნირო თვითმკვლელობაა. ორივე ნაკრებს სჭირდება სამი ქულა, რადგან ავსტრიასთან და არგენტინასთან მატჩების ფონზე, ამ შეხვედრის გამარჯვებული მესამე ადგილით ეცდება 1/16 ფინალში გასვლას.
K ჯგუფი
პორტუგალია V უზბეკეთი -ვინაიდან პორტუგალიამ პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა, უზბეკეთთან მატჩი კრიშტიანუ რონალდუს გუნდისთვის ხდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მათ სასწრაფოდ სჭირდებათ 3 ქულა, რადგან ნებისმიერი სხვა შედეგი პლეი-ოფში გასვლის შანსებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ბოლო ტურის წინ, სადაც უმძიმესი მატჩი ელით კოლუმბიასთან.
კოლუმბია V კონგო დრ -კოლუმბია ამ მატჩში მხოლოდ სამ ქულაზე იფიქრებს, იმისთვის, რომ ბოლო ტურში პორტუგალიასთან ჯგუფში პირველი ადგილის ბედი მშვიდად გადაწყვიტოს. კონგოსთვის ნებისმიერი ქულა წარმატებაა.
L ჯგუფი
ინგლისი V განა -ინგლისს პირველი ტურის მძიმე ბრძოლის შემდეგ, აქ აუცილებლად სჭირდება მოგება (6 ქულა), რათა ბოლო ტურში პანამასთან მატჩის წინ ჯგუფში პირველი ადგილი მყარად ეკავოს. განასთვის ფრეც კი ფანტასტიური სატურნირო შედეგი იქნება.
პანამა V ხორვატია -პირველ ტურში ინგლისთან უმძიმესი საფეხბურთო ომის გადატანის შემდეგ, ხორვატიის ნაკრები მეორე ტურში გადამწყვეტ სატურნირო ფაზაში შედის.ხორვატებისთვის პანამასთან მატჩში მხოლოდ 3 ქულის აღება საკმარისი არ არის – მათ სჭირდებათ რაც შეიძლება დიდი ანგარიშით მოგება და სოლიდური ბურთების სხვაობის დაგროვება.
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ყველა მატჩი
| 18/06 | 20:00 | ჩეხეთი - სამხრეთ აფრიკა | A ჯგუფი |
| 18/06 | 23:00 | შვეიცარია - ბოსნია | B ჯგუფი |
| 19/06 | 02:00 | კანადა - კატარი | B ჯგუფი |
| 19/06 | 05:00 | მექსიკა - სამხრეთ კორეა | A ჯგუფი |
| 19/06 | 23:00 | აშშ - ავსტრალია | D ჯგუფი |
| 20/06 | 02:00 | შოტლანდია - მაროკო | C ჯგუფი |
| 20/06 | 04:30 | ბრაზილია - ჰაიტი | C ჯგუფი |
| 20/06 | 07:00 | თურქეთი - პარაგვაი | D ჯგუფი |
| 20/06 | 21:00 | შვედეთი - ნიდერლანდები | F ჯგუფი |
| 20/06 | 23:55 | გერმანია - კოტ-დ'ივუარი | E ჯგუფი |
| 21/06 | 04:00 | ეკვადორი - კურასაო | E ჯგუფი |
| 21/06 | 08:00 | ტუნისია - იაპონია | F ჯგუფი |
| 21/06 | 20:00 | ესპანეთი - საუდის არაბეთი | H ჯგუფი |
| 21/06 | 23:00 | ბელგია - ირანი | G ჯგუფი |
| 22/06 | 02:00 | ურუგვაი - კაპო ვერდე | H ჯგუფი |
| 22/06 | 05:00 | ახალი ზელანდია - ეგვიპტე | G ჯგუფი |
| 22/06 | 21:00 | არგენტინა - ავსტრია | J ჯგუფი |
| 23/06 | 01:00 | საფრანგეთი - ერაყი | I ჯგუფი |
| 23/06 | 04:00 | ნორვეგია - სენეგალი | I ჯგუფი |
| 23/06 | 07:00 | იორდანია - ალჟირი | J ჯგუფი |
| 23/06 | 21:00 | პორტუგალია - უზბეკეთი | K ჯგუფი |
| 23/06 | 23:55 | ინგლისი - განა | L ჯგუფი |
| 24/06 | 03:00 | პანამა - ხორვატია | L ჯგუფი |
| 24/06 | 06:00 | კოლუმბია - კონგო დრ | K ჯგუფი |











