მსოფლიო ჩემპიონატი შედის მეოთხედფინალის ფაზაში, განვიხილოთ ოთხივე მატჩი.
ნორვეგია V ინგლისი
ორივე ნაკრებმა მერვედფინალი ჩაატარა უბრალოდ იდეალურად - ინგლისმა დაამარცხა მექსიკა, თანაც აცტეკაზე, ნორვეგიამ კი კიდევ ერთხელ გვანახა, თუ როგორი უხერხული მოწინააღმდეგეა ბრაზილიისთვის. აღნიშნული შეხვედრა ცალკე შეგვიძლია მოვნათლოდ ჰარი კეინისა და ერლინგ ჰოლანდის პირად დუელად.
ეს იქნება ამ ნაკრებების რიგით მე-13 დაპირისპირება და იქამდე, 7-ჯერ იმარჯვეს ბრიტანელებმა, 2-ჯერ - სკანდინავიელებმა, 3 მატჩი ფრედ დასრულდა. "3 ლომს" "ვიკინგებთან" 1993 წლის შემდეგ არ წაუგია. აქვე დავამატებთ, აღნიშნულ წყვილში მოგებული 1/2 ფინალში არგენტინასა და შვეიცარიას შორის ერთ-ერთს შეხვდება.
საფრანგეთი V მაროკო
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაწყებული მაროკოს ზღაპარი მიმდინარე ტურნირზეც გაგრძელდა. პლეიოფში ნიდერლანდებსა და კანადასთან მოგებით, აფრიკელებს ელით ყველაზე რთული გამოცდა, მუნდიალის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან, საფრანგეთთან, რომელმაც თავის მხრივ შვედეთსა და პარაგვაის მოუგო.
ეს იქნება ამ ნაკრებების რიგით მეშვიდე დაპირისპირება და იქამდე, ოთხჯერ იმარჯვეს "მამლებმა", მხოლოდ ერთხელ - "ატლასის ლომებმა", ერთი შეხვედრაც ფრედ დასრულდა. "ლურჯების" ერთადერთი წაგება მაროკოსთან თარიღდება 1998 წლის მაისში ჩატარებული ამხანაგური შეხვედრით.
ესპანეთი V ბელგია
ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალია დაამარცხა. საინტერესოდ მიდის ბელგიაც - ჯერ ბრწყინვალე ქამბექი სენეგალთან 0:2-ის შემდეგ, მოგვიანებით კი მოგება მუნდიალის მასპინძელ ამერიკასთან. დიახ, "ეშმაკებს" ფალორინ ბალოგუნის გადავადებულმა წითელმა ბარათმაც ვერ შეუშალა ხელი.
ეს იქნება ამ ნაკრებების რიგით 24-ე მატჩი და იქამდე, 12-ჯერ იმარჯვა "ფურია როხამ", 6-ჯერ მოიგეს ბენილუქსელებმა, 5 მატჩიც ფრედ დასრულდა. პირენეელებს ბელგიასთან არ წაუგიათ მექსიკის მუნდიალის 1/4 ფინალის შემდეგ, ეს კი 1986-ში იყო.
არგენტინა V შვეიცარია
არგენტინა თავის გულშემატკივრებს ანერვიულებს - ჯერ იყო დამატებით დროში გამარჯვება კაბო ვერდესთან, შემდეგ კი რემონტადა ეგვიპტესთან 0:2-ის შემდეგ. შვეიცარია აშშ-ს მუნდიალის ე.წ. მუქი ცხენია, რომელიც 8 საუკეთესო ეროვნულ გუნდს შორის მოხვდა. ამისთვის კოლუმბიასა და ალჟირთან მოგება იყო საჭირო.
ეს იქნება ამ ნაკრებების რიგით მერვე დაპირისპირება და იქამდე, ხუთჯერ იმარჯვა "ალბისელესტემ", ორი მატჩიც ფრედ დასრულდა. როგორც ვხედავთ, "სელესიონს" "როსოკროჩიატისთან" არასდროს წაუგია. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ 2012 წლის თებერვალში ლეო მესის მიერ შესრულებული ჰეთ-თრიქი "წითლების" კარში.
მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალის ყველა მატჩი
| საფრანგეთი - მაროკო | 23:55 | 9 ივლისი |
| ესპანეთი - ბელგია | 23:00 | 10 ივლისი |
| ნორვეგია - ინგლისი | 01:00 | 12 ივლისი |
| არგენტინა - შვეიცარია | 05:00 | 12 ივლისი |












