მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და წინ პლეიოფია. განვიხილოთ თითოეული წყვილი.
გერმანია V პარაგვაი
ჯგუფურ ეტაპზე არც თუ ისე დამაჯერებელი გამოსვლის შემდეგ, გერმანიას დაგროვილ კითხვებზე პასუხის გასაცემად პლეიოფში პარაგვაისთან მოგება სჭირდება. აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული 1/8 ფინალში საფრანგეთსა და შვედეთს შორის ერთ-ერთს შეხვდება.
საფრანგეთი V შვედეთი
შვედეთი დგას ურთულესი გამოცდის წინაშე, რადგან საფრანგეთის სახით, მისი მეტოქე მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. "მამლების" ფორვარდები არიან ბრწყინვალე ფორმაში, რაზეც მეტყველებს კილიან მბაპესა და უსმან დემბელეს მიერ შეგდებული 4-4 ბურთი. "ლურჯებსა" და სკანდინავიელებს შორის მოგებული 1/8 ფინალში გერმანია-პარაგვაის შორის ერთ-ერთს შეხვდება.
სამხრეთ აფრიკა V კანადა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თანამასპინძელი კანადა 2010 წლის ტურნირის მასპინძელი სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ. ამ წყვილში მოგებული 1/8 ფინალში ნიდერლანდებსა და მაროკოს შორის ერთ-ერთს შეხვდება.
ნიდერლანდები V მაროკო
მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება. მუნდიალის სამგზის ვიცე-ჩემპიონი ნიდერლანდები პირველი აფრიკული ეროვნული გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ტურნირის 1/2 ფინალში გააკეთა. როგორც გვახსოვს, მაროკომ ეს კატარის მუნდიალზე გააკეთა.
პორტუგალია V ხორვატია
მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის მთავარი დაპირისპირება - კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალია ლუკა მოდრიჩის ხორვატიის წინააღმდეგ. ვნახოთ, რომელი ლეგენდა გავა 1/8 ფინალში, სადაც მისი ქვეყნის ეროვნული გუნდის მოწინააღმდეგე ესპანეთსა და ავსტრიას შორის მოგებული იქნება.
ესპანეთი V ავსტრია
საუდის არაბეთის განადგურებას თუ არ ჩავთვლით, ესპანეთის თამაშმა ჯგუფურ ეტაპზე ბევრი კითხვა დატოვა. პასუხების გასაცემად ევროპის მოქმედ ჩემპიონ "ლა როხას" 1/16 ფინალში ავსტრიასთან მოგება სჭირდება. მარტივი გასეირნება არც 1/8 ფინალში იქნება, პორტუგალიასა და ხორვატიას შორის ერთ-ერთი.
აშშ V ბოსნია
ბოსნიას ზღაპარი დაიწყო ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, როდესაც საკვალიფიკაციო ეტაპზე ამ ნაკრებმა მუნდიალს მიღმა იტალია დატოვა. შემდეგ, ბალკანელები გავიდნენ ჯგუფიდან და ახლა მათ წინაშეა ახალი გამოწვევა: მუნდიალის მასპინძელ აშშ-სთან მოგება. მათ შორის გამარჯვებული ბელგია-სენეგალს შორის ერთ-ერთს შეხვდება.
ბელგია V სენეგალი
ნაკრები არშემდგარი ოქროს თაობის ბოლო წარმომადგენლებით იმ ეროვნული გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც აფრიკის ერთა თასზე გამარჯვება ჩამოართვეს. ერთ-ერთი ყველაზე თანაბარი წყვილი მუნდიალის 1/16 ფინალში, მათ შორის მოგებული კი აშშ-სა და ბოსნიას შორის ერთ-ერთს შეხვდება.
ბრაზილია V იაპონია
მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი ბრაზილია, რომელიც საკმაოდ რთულ ბადეში აღმოჩნდა. ხელწამოსაკრავი მეტოქე არც იაპონია არის და მოგების შემთხვევაში "სელესაო" უპირისპირდება ნორვეგია - კოტ-დ'ივუარს შორის ერთ-ერთს. შემდეგ, გზა კიდევ უფრო რთულდება, მაგრამ ამის შესახებ მოგვიანებით.
კოტ-დ'ივუარი V ნორვეგია
ნორვეგია მსოფლიო ჩემპიონატზე არ ყოფილა 1998 წლის შემდეგ და დაბრუნება ამ ნაკრებს მართლაც ხმაურიანი გამოუვიდა. მიღწეულით დაკმაყოფილებას სკანდინავიელები არც 1/16 ფინალში აპირებენ, ამისთვის კი კოტ-დ'ივუართან მოგებაა საჭირო. საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ "ვიკინგები" 1/8 ფინალში ბრაზილიას შეხვდნენ.
მექსიკა V ეკვადორი
მსოფლიო ჩემპიონატის თანამასპინძელი მექსიკა იმ ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც შესაძლოა ტურნირის მთავარ აღმოჩენად იქცეს. საუბარია ეკვადორზე, რომელმაც ჯგუფში სენსაციურად გერმანიას მოუგო. მათ შორის გამარჯვებული 1/8 ფინალში ინგლისსა და კონგოს შორის ერთ-ერთს შეხვდება.
ინგლისი V კონგო დრ
ერთ-ერთი იშვიათი წყვილი მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში, სადაც გვყავს გამოკვეთილი ფავორიტი ინგლისის სახით და გამოკვეთილი აუტსაიდერი, კონგო. დიახ, სხვაობა ბრიტანელებსა და მათ ოპონენტებს შორის უდიდესია, მაგრამ მუნდიალის ისტორიამ გვაჩვენა, სენსაციებიც ხშირად ხდება.
არგენტინა V კაპო ვერდე
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი არგენტინა და ტურნირის დებიუტანტი კაპო ვერდე, რომელიც ამ დრომდე დაუმარცხებელია. დიახ, წაგება არც "ალბისელესტეს" აქვს, მაგრამ ეს არ არის ისეთი გასაკვირი, როგორც აფრიკელთა შემთხვევა. შეგახსენებთ იმასაც, რომ მათთან მოგება ესპანეთმა და ურუგვაიმ ვერ შეძლეს.
ავსტრალია V ეგვიპტე
ეგვიპტემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იმარჯვა მიმდინარე ტურნირზე და ამ მომენტს ქვეყნის მოსახლეობა 92 წლის მანძილზე ელოდებოდა. "ფარაონები" არც 1/16 ფინალში აპირებენ გაჩერებას და ავსტრალისთან მოგების შემთხვევაში მათი შემდეგი მოწინააღმდეგე არგენტინასა და კაპო ვერდეს შორის ერთ-ერთი იქნება.
შვეიცარია V ალჟირი
წყვილი, სადაც ნებისმიერი შედეგია მოსალოდნელი. მათ შორის გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატის პლიოფის შემდეგ სტადიაზე კოლუმბიასა და განას შორის ერთ-ერთს შეხვდება.
კოლუმბია V განა
ორივე ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ერთგვარი სენსაცია შემოგვთავაზა. კოლუმბია ჯგუფურ ეტაპზე არ დამარცხებულა პორტუგალიასთან და ჯგუფში ასპარეზობა დაასრულა სახელოვან მოწინააღმდეგეზე მაღლა, განას კი ინგლისთან არ წაუგია. მათ შორის მოგებული 1/8 ფინალში შვეიცარიასა და ალჟირს შორის ერთ-ერთს შეხვდება.
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალის ყველა მატჩი
| სამხრეთ აფრიკა - კანადა | 23:00 | 28 ივნისი |
| ბრაზილია - იაპონია | 21:00 | 29 ივნისი |
| გერმანია - პარაგვაი | 00:30 | 30 ივნისი |
| ნიდერლანდები - მაროკო | 05:00 | 30 ივნისი |
| კოტ დ'ივუარი - ნორვეგია | 21:00 | 30 ივნისი |
| საფრანგეთი - შვედეთი | 01:00 | 1 ივლისი |
| მექსიკა - ეკვადორი | 05:00 | 1 ივლისი |
| ინგლისი - კონგო დრ | 20:00 | 1 ივლისი |
| ბელგია - სენეგალი | 23:55 | 1 ივლისი |
| აშშ - ბოსნია | 04:00 | 2 ივლისი |
| ესპანეთი - ავსტრია | 23:00 | 2 ივლისი |
| პორტუგალია - ხორვატია | 03:00 | 3 ივლისი |
| შვეიცარია - ალჟირი | 07:00 | 3 ივლისი |
| ავსტრალია - ეგვიპტე | 22:00 | 3 ივლისი |
| არგენტინა - კაპო ვერდე | 02:00 | 4 ივლისი |
| კოლუმბია - განა | 05:30 | 4 ივლისი |











