მსჯელობა დაწყებულია — ჩემპიონთა ლიგაზე ახალი წესი შემოაქვთ

როგორც Guardian წერს, უეფა საკლუბო შეჯიბრებებში დამატებითი დროის გაუქმებასა და პირდაპირ პენალტების სერიის დანიშვნაზე ფიქრობს. საკითხი სერიოზულად განიხილება, თუმცა სატელევიზიო უფლებებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების ფონზე, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს წესი 2027 წლამდე შეიცვალოს.
დამატებითი ტაიმების ამოღება, მცირედით, მაგრამ მაინც წაადგება გადატვირთულ გრაფიკს, რომელიც ევროპის მასშტაბით გუნდებს აქვთ. ეს წესი დიდი შანსია მოიწონონ იმ კლუბებმაც, რომლებიც ივლისსა და აგვისტოში საკვალიფიკაციო რაუნდების მატჩებს ატარებენ.
Guardian-ის ინფორმაციით, უეფა-ში ამ დრომდე ეს საკითხი არაფორმალურად იყო დაყენებული, რადგან ნებისმიერი ცვლილება უნდა იყოს რატიფიცირებული უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ, რომლის ბოლო მნიშვნელოვანი ცვლილება საკლუბო შეჯიბრებების არსში მოხდა, როდესაც გასვლაზე გატანილი გოლის უპირატესობის წესი 2021 წელს გაუქმდა.











