იყო დრო, როცა მსოფლიო ფეხბურთის მთავარი მოვლენა რეალისა და ბარსელონას დაპირისპირება იყო. თან მათი ბრძოლა წლები გრძელდებოდა. იყო უხეშობები, ლამაზი გოლები, სანახაობრივი მატჩები, ჩხუბები და გაძევებები.
ამ ყველაფრის პიკი 2008 წლის შემდეგ იყო, როცა ასპარეზზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები - ლეო მესი და კრიშტიანო რონალდუ გამოჩდნენ. ისე დაემთხვა, რომ ამ ორ წამყვან მოთამაშეს მოსისხლე მტრების გუნდებში მოუწიათ თამაში, რამაც ელ კლასიკოს კიდევ უფრო დიდი ინტერესი შესძინა.
თუმცა მესის და რონალდუს გარდა, იყვნენ სხვა პირებიც, ვინც წინა პლანზე გამოდიოდნენ, იქნებოდა ეს გვარდიოლა, პეპე, მოურინიო თუ პინტო. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ბარსელონას ან რეალის გულშემატკივარი იყავი თუ არა, ელ კლასიკოს მაინც ყველა მოუთმენლად ელოდა, რადგან იქ შედეგის გარდა სხვა ინტერესებიც იყო.
წავიდნენ მესიც, რონალდუც და ისე მოხდა, რომ ბოლო წლებში ელ კლასიკო ლა ლიგის ერთ ჩვეულებრივ, რიგითი ტურის მატჩად იქცა. თუ რამ გამოიწვია ეს, ბევრი მიზეზი აქვს. ამ შემთხვევაში, გუნდის სათამაშო ფორმები და შედეგები მეორეხარისხოვანია. ბოლო დროს, ბარსა-რეალის მატჩისადმი მოლოდინები ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე თუნდაც 10 წლის წინ.
დღეს კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ საფეხბურთო ზეიმი ბრუნდება, ოღონდ ახალი პერსონაჟებით. 26 ოქტომბერს, რეალი ბერნაბეუზე ბარსელონას მიიღებს და მთელი მსოფლიო ისევ ამ დაპირისპირების მოლოდინშია, ოღონდ განახლებული ინტერესებით, ახალი პერსონაჟებით და ახალი მიზნებით.
თუ აქამდე კლასიკოს სახეები მესი, რონალდუ, ნეიმარი, ბენზემა და სხვები იყვნენ, ახლა მთავარ გმირებად ვინისიუსი, რაფინია, იამალი, ბელინგემი და მათი თანაგუნდელები გვევლინებიან, რასაც თან უკვე დიდი ინტრიგა ახლავს.
რატომ გაიზარდა კლასიკოს მიმართ კვლავ ინტერესი? - ამის საბაბი ორივე გუნდმა მოგვცა. რეალმა სუპერ შემადგენლობა შეკრა და ფაქტობრივად, "ოლ სტარი" ჰყავს, დიდი რესურსითა და კარგი მწვრთნელით. ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში მათ საოცარი პერფორმანსი შემოგვთავაზეს და დორტმუნდი 5:2 გაანადგურეს.
იმავეს თქმა შეიძლება ბარსელონაზეც. ფლიკის ხელში გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს და ჩემპიონთა ლიგაზე მათაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს. ერთ-ერთი ფავორიტი ბაიერნი 4:1 დაამარცხეს და ელ კლასიკოს წინ კარგი განწყობა შეიქმნეს.
ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა, სანახაობრივი თამაში ორივე გუნდის მხრიდან, ახალგაზრდა ვარსკვლავები ერთმანეთის პირისპირ, მწვრთნელთა დუელი და მონატრებული დაძაბულობა - ამ ყველაფრის ფონზე, 26 ოქტომბრის ელ კლასიკო საინტერესო და დრამატული უნდა იყოს.