დადასტურებულად — სერჟიუ კონსეისაუ მილანს სეზონის ბოლომდე არ დატოვებს. ბოლო მომენტში თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ეს გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება. იმის მიუხედავად, რომ "როსონერის" პრობლემები გრძელდება, უფროსობა თვლის, რომ ახლა მთავარი მწვრთნელის შეცვლა სწორი ნაბიჯი არ იქნება და პორტუგალიელ სპეციალისტს ნდობას ბოლომდე უცხადებენ.
გიჟური სტარტის შემდეგ, რა დროსაც სერჟიუ კონსეისაუმ მილანთან ერთად ტიტული მოიგო, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. იტალიური გრანდის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რის ფონზეც, თითქმის გადაწყვეტილია, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოხვდება. მეტიც, არის შანსი მილანი ზოგადად ევროტურნირების საგზურის გარეშე დარჩეს.
პორტუგალიელმა მილანს უკვე 17 შეხვედრაში უხელმძღვანელა, რა დროშიც 8 მატჩი მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 6-ჯერ დამარცხდა. მილანი ჩემპიონთა ლიგას უკვე გამოეთიშა, ხოლო რაც შეეხება სერია ა-ს, გუნდი 41 ქულით, მე-9 პოზიციაზე იმყოფება.
სერჟიუ კონსეისაუს მომავალი სეზონის ბოლოს გადაწყდება, რა დროსაც გუნდს უკვე ახალი სპორტული დირქეტორი ეყოლება. მილანი ამ პოზიციაზე ორ კანდიდატურას განიხილავს — ფაბიო პარატიჩი და იგლი ტარე. ამ მომენტისთვის ფავორიტი ალბანელია, რომელიც ბოლოს ლაციოში მუშაობდა.