სერია ა-ს ახალი სეზონის დაწყებიდან სულ რაღაც 4 ტური გავიდა და დიდია იმის ალბათობა, რომ რომას მსგავსად მთავარი მწვრთნელი, მილანშიც შეიცვალოს. "ჯალოროსიში" დანიელე დე როსი ცუდი სტარტის გამო გუნდიდან გაუშვეს, მის ადგილას კი ივან იურიჩი მიიყვანეს. პრობლემებია კიდევ ერთ დიდ კლუბში, კერძოდ მილანში, სადაც ახალი სეზონის წინ, პაულო ფონსეკა მიიყვანეს. ფანების პროტესტის მიუხედავად, უფროსობამ პორტუგალიელს ნდობა მაინც გამოუცხადა და როგორც ჩანს, დიდი შეცდომაც დაუშვა.
"როსონერიმ" ახალი სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო: ორი მარცხი, ორი ფრე და მხოლოდ ერთი გამარჯვება, რის გამოც, ფონსეკას გაშვების საკითხი დღის წესრიგში დადგა. გავლენიან იტალიურ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, მილანი მომდევნო ტურში, დერბი დელა მადონინაში ინტერთან თუ დამარცხდება, კლუბი ფონსეკას დაკავებული თანანმდებობიდან გაათავისუფლებს.
ამასობაში იტალიური და გერმანული წყაროები საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ — მილანი ფონსეკას პოტენციურ შემცვლელებს უკვე ესაუბრება, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ამ საკითხე მუშაობა დაიწყო. განიხილება რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის ედინ ტერზიჩი, მაურიციო სარი და ტომას ტუხელი.
როგორც ირკვევა, იბრაჰიმოვიჩსა და ტერზიჩს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, მეტიც, 41 სპეციალისტი მილანი-ლივერპულის მატჩსაც კი დაესწრო. უახლოეს საათებში, ფონსეკას პოტენციურ შემცვლელებზე უფრო მეტი სიახლე გახდება ცნობილი, იქამდე კი პორტუგალიელი საკუთარი თავის გადასარჩენად ინტერის დამარცხებას შეეცდება.