ჯოშუა ზირკზემ გადაწყვეტილება მიიღო - 23 წლის ნიდერლანდელს სერია ა-ში დარჩენა და კარიერის მილანში გაგრძელება სურს! ლომბარდიულ გრანდსა და ფეხბურთელს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ჯოშუას ზლატან იბრაჰიმოვიჩი პირადად უკვე ესაუბრა და კლუბის გეგმებიც გაუზიარა.
ბოლონიაში უკვე იციან, რომ მილანი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის €40 მილიონის გადახდას აპირებს, დარჩნილია მხოლოდ პირადი კონტრაქტის შეთანხმება. ამ გარიგებიდან ზირკზეს ყოფილი გუნდი, ბაიერნიც იხეირებს, კერძოდ გერმანული გრანდი ტრანსფერიდან 50%-ს მიიღებს (€20 მილიონს).
ტრანსფერის განსახორციელებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალია შესათანხმებელი - პირველ რიგში პირადი კონტრაქტი, რასაც მილანი შედარებით მარტივად მოაგვარებს. ფეხბურთელი წელიწადში €4-5 მილიონს ითხოვს, რაც "როსონერისთვის" სრულიად მისაღები თანხაა, თუმცა ზირკზეს აგენტი ამ გარიგებას საფრთხის ქვეშ აგდებს. მიზეზი? მაღალი საკომისიო, რომელსაც აგენტი კია ჯორაბშენი ითხოვს. საუბარია არც მეტი, არც ნაკლები €15-20 მილიონზე. მილანი ამ თანხის გადახდას რა თქმა უნდა არ აპირებს, თუმცა მხარეები მოლაპარაკებებს აგრძელებენ, რადგან მონკადა-იბრაჰიმოვიჩის დუოს, ფეხბურთელის დამატება ძალიან სურს. განიხილება მოთხოვნილი საკომისიოს შემცირება, თუმცა რამდენი მილიონით, ჯერჯერობით უცნობია.
მილანი პირველ რიგში ახალ ფორვარდს დაიმატებს, ზირკზე კი #1 სამიზნეა. ამის შემდეგ გუნდი სხვა პოზიციებს გააძლიერებს: ცენტრალური მცველი, მარჯვენა მცველი, საყრდენი ნახევარმცველი, უფროსობა ფონსეკასთან ერთად პოტენციურ ტრანსფერებზე უკვე მუშაობს.