ევროპა ლიგის 1/4 ფინალში, სან სიროზე განცდილი მარცხის მიუხედავად, მილანის მფლობელმა დღეს ქალაქ მილანში ყველა დაგეგმილი შეხვედრა გამართა. ჯერი კარდინალემ მთლიანი დირექტორთა საბჭო შეკრიბა კაზა მილანში და სამომავლო გეგმებზე გაესაუბრა. ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კარდინალეს შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანში ყველაზე დიდი ძალაუფლებით ისარგებლებს.
გუნდში მუშაობას გააგრძელებენ ჯორჯო ფურლანი და ჯოფრი მონკადაც. ფურლანის სამუშაო შეიძლება გარკვეული დოზით შემცირდეს და თავიდან ბოლომდე ფინანსურ საკითხებზე გადაერთოს. ამის ფონზე კი მილანმა შეიძლება ზაფხულში ახალი აღმასრულებელი დირექტორი აიყვანოს. განიხილება დამიენ კომოლი, რომელიც რედბერდის მეორე კლუბის, ტულუზას დირექტორია, თუმცა ამ მომენტისთვის მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არ არიან. რაც შეეხება მონკადას, ის ტრანსფერებზე მუშაობას იბრაჰიმოვიჩთან ერთად გააგრძელებს.
მილანს ახალი სეზონიდან მეორე გუნდიც ეყოლება (23-წლამდე), რომელიც სერია ც-ში იასპარეზებს. ახალი გუნდის შექმნაზე მუშაობა უკვე დასკვნით ფაზაშია შესული - იბრასთან ერთად ახალ პროექტზე მისი ძველი მეგობარი, იოვან კიროვსკი იმუშავებს. იოვანი სწორედ ის ადამიანი იყო, რომელმაც თავის დროზე ზლატანი MLS-ში წაიყვანა. მეორე გუნდის მთავარი მწვრთნელი დიდი ალბათობით დანიელე ბონერა იქნება.
რაც შეეხება სტეფანო პიოლის და მის მომავალს - გუშინდელი რომასთან განცდილი მარცხის შემდეგ, იტალიელი სპეციალისტის პოზიციები კიდევ უფრო შეირყა, თუმცა მისი კლუბში დარჩენის შანსები კვლავ 50-50-ზეა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, პიოლის მომავალი თავიდან ბოლომდე ევროპა ლიგაზე მიღწეულ წარმატებაზე და ინტერთან, დერბი დელა მადონინაში ნაჩვენებ შედეგზეა დამოკიდებული.