მილანმა 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ სოლიდური თანხა დახარჯა და ერთბაშად 10 ფეხბურთელი დაიმატა. ამას წინ უძღოდა სანდრო ტონალის ნიუკასლში ტრანსფერი, საიდანაც კლუბმა €70 მილიონი აიღო. ამ გარიგებას, რა თქმა უნდა, მილანის გულშემატკივრების დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, თან ამას ისიც ემატებოდა, რომ გუნდი პაოლო მალდინიმაც დატოვა, შესაბამისად, ფანებს ბევრი მიზეზი ჰქონდათ ახალი მართველობის გასაკრიტიკებლად.
ტონალიში აღებული თანხის გარდა, ჯერი კარდინალემ სატრანსფერო ბიუჯეტში დამატებითი €50 მილიონი გამოჰყო. ჯამში "როსონერიმ" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე €120 მილიონი + ბონუსები დახარჯა.
კრისტიან პულისიკი: €20 მილიონი;
სამუელ ჩუკვუეზე: €20 მილიონი;
იუნუს მუსა: €20 მილიონი;
ტიჯანი რაინდერსი: €19 მილიონი;
რუბენ ლოფტუს-ჩიკი: €18 მილიონი;
ნოა ოკაფორი: €14 მილიონი
ლორენცო პელეგრინო: €3.5 მილიონი
მარკო სპორტიელო: უფასოდ;
ლუკა რომერო: უფასოდ;
ლუკა იოვიჩი: უფასოდ;
გუნდმა არც ისე "დიდი სახელები" დაიმატა, ბევრიც ტრავმებისკენ მიდრეკილი ფეხბურთელი იყო... მილანის ფანებს "რედბერდის" გასაკრიტიკებლად უკვე ბევრი მიზეზი დაუგროვდათ, თუმცა სეზონის 2/3 გასვლის შემდეგ, თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ზაფხულის ტრანსფერებმა მეტ-ნაკლებად გაამართლა. 20 მარტის მონაცემებით, ზაფხულში მოსული ფეხბურთელების ანგარიშზე 58 საგოლე მოქმედებაა (გოლი+საგოლე გადაცემა).
პულისიკი: 12 გოლი და 8 საგოლე გადაცემა;
ლოფტუს-ჩიკი: 9 გოლი და 2 საგოლე გადაცემა;
იოვიჩი: 8 გოლი და 1 საგოლე გადაცემა;
ოკაფორი: 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა;
რაინდერსი: 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა;
ჩუკვუეზე: 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა;
მუსა: 1 საგოლე გადაცემა;
ამ სტატისტიკის შემხედვარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდი ზაფხულში კარგად შეივსო, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, მილანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა, სერია ა-ში ლიდერ ინტერს 14 ქულით ჩამორჩება, იტალიის თასზე კი 1/4 ფინალიდან გამოვარდა. ამას ისიც ემატება, რომ მილანში ამ თვეების განმავლობაში ტრავმების ეპიდემია იყო, შესაბამისად, სეზონი მაინც ჩავარდა. ბოლო იმედი ევროპა ლიგაა, სადაც მილანი 1/4 ფინალშია გასული, მეტოქე კი იტალიური რომა იქნება. ამ ტურნირზე წარმატების მიღწევა პირდაპირ კავშირშია სტეფანო პიოლის მომავალთან.