ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რაღაც ორი დღე დარჩა, ფრანგული მეცი კი კვლავ "ათიანის" ძიებაშია. მას შემდეგ, რაც იმრან ლუზას უოტფორდიდან ტრანსფერი ჩაიშალა, გუნდი ახალ ვარიანტზე გადაერთო — #1 სამიზნე ოთარ კიტეიშვილი გახდა! მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა.
27 წლის ნახევარმცველს, გრაცის შტურმთან არსებული კონტრაქტი, სულ რაღაც 6 თვეში ეწურება. მხარეებს შორის კი ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. ოთო ავსტრიულ გუნდში 2018 წლიდან თამაშობს და ამდენი ხნის შემდეგ, პირველადაა ისეთი შემთხვევა, როცა ფეხბურთელი გუნდის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა.
168 მატჩი, 34 გატანილი გოლი, 31 საგოლე გადაცემა და ავსტრიის თასი, კიტეს ისტორია შტურმში შეიძლება მალე დასრულდეს.