ლიონელ მესის კარიერაში დაუგროვდა 75 გატანილი ჯარიმა და ახალ რეკორდამდე ის ერთ ნაბიჯში იმყოფება. ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მოთამაშეა 1-ელ პოზიციაზე ამჟამად. ნაწილი ლიდერად თვლის ჟუნინიო პერნამბუკანოს (77), ნაწილი კი მარსელინიო კარიოკას (78).
ვინც არ უნდა იყოს პირველ ადგილზე, ფაქტია, რომ არგენტინელი შემტევი მას მიუახლოვდა ისე, როგორც არასდროს. საოცარია, იმის გათვალისწინებით, რომ კარიერის სტარტზე "ალბისელესტეს" კაპიტანი სტანდარტებიდან საერთოდ არ იტანდა. ბარსელონას აკადემიაში აღნიშნულ კომპონენტში გამოირჩეოდნენ ვიქტორ ვასკესი და ხუანხო კლაუსი, მაგრამ არა "სელესიონის" მომავალი 10 ნომერი.
კატალონიელების მთავარ გუნდში გადასვლის შემდეგ კი ჯარიმების ბატონ-პატრონად "ლა პულგას" რონალდინიო გაუჩო დახვდა. ტიერი ანრი იხსენებს: "მახსოვს ვარჯიშებზე მესის მცდელობები სტანდარტებიდან და მინდა აღვნიშნო, მას არც თუ ისე კარგად გამოსდიოდა. იმ დროს მეგონა, ის ვერასდროს შეძლებდა კარის აღებას".
თავისი პირველი ჯარიმა არგენტინელმა შემტევმა გაიტანა მხოლოდ 2008 წლის ოქტომბერში, მადრიდის ატლეტიკოსთან მატჩში. რა მოცემულობა გვაქვს დღეისთვის? ლეომ 30 წლამდე სტანდარტებიდან შეაგდო 33 ბურთი, 30 წლიდან კი 42. სიტყვებიც ზედმეტია იმის ასაღწერად, თუ რამხელა პროგრესს მიაღწია არგენტინის ეროვნული გუნდის კაპიტანმა.











