პრემიერ ლიგის 25-ე ტურის ცენტრალური მატჩი ლონდონში გაიმართა, სადაც მაყურებელმა ტოტენჰემისა და მანჩესტერ იუნაიტედის დაპირისპირება იხილა. 90 წუთის განმავლობაში საკმაოდ დიდი ბრძოლა ვიხილეთ, სადაც გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა. ტოტენჰემმა მანჩესტერ იუნაიტედი მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.
ტოტენჰემის მხრიდან თავის გამოჩენა ჯეიმს მედისონმა მოახერხა, რომელიც ტრავმიდან სულ ახლახანს დაბრუნდა. იმის მიუხედავად, რომ "წითელმა ეშმაკებმა" რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნა მოახერხეს, გულიელმო ვიკარიომ კარის მშრალად შენახვა მაინც შეძლო.
ენჯ პოსტეკოგლუს გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 30 ქულას მოუყარა თავი და მე-12 პოზიციამდე აღზევდა. რაც შეეხება რუბენ ამორიმის ბიჭებს, ოლდ ტრაფორდის ბინადრები 29 ქულით, მე-15 პოზიციაზე დარჩნენ.