დღეს გაიმართება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრა ჩრდ.ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის.
ოთხი ტურის შემდეგ, ყველსგან მოულოდნელად, ჯგუფს ჩრდ.ირლანდიის ნაკრები ლიდერობს, მათ 7 ქულა აქვთ. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები ამ ერთა ლიგაზე წარუმატებლად თამაშობს, მხოლოდ ერთი ქულა აქვს და გოლიც კი არ აქვს გატანილი.
თუ საქართველოს ნაკრები დღესაც წააგებს, ჯგუფიდან გასვლის თეორიულ შანსებსაც დაკარგავს, შესაბამისად, რამაზ სვანაძისთვის ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია.
წინა ტურში საქართველო უნგრეთთან სტუმრად დამარცხდა, ჩრდ.ირლანდიამ კი უკრაინა დაამარცხა და ჯგუფის ლიდერი გახდა.

რამაზ სვანაძე (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი):„განწყობა ნორმალურია. რა თქმა უნდა, იდეალურ სიტუაციაში არ ვართ, თუმცა ასეთი მომენტები ნებისმიერი ადამიანის, გუნდის თუ ნაკრების ცხოვრებაში ხდება. რთული სიტუაციები და პერიოდები არასდროს არის გამორიცხული. უკვე მეოთხე თამაშია და დაღლილობის ფონი, რა თქმა უნდა, იგრძნობა, თუმცა ამ სიტუაციაში მხოლოდ ჩვენ არ ვართ. წინ კიდევ ერთი დღე გვაქვს და მაქსიმალურად ვეცდებით, ეს დრო გამოვიყენოთ. დღევანდელი ღამისა და ხვალინდელი დღის შემდეგ შევაფასებთ ფეხბურთელების ფუნქციურ მდგომარეობას და საბოლოო გადაწყვეტილებას სასტარტო შემადგენლობაზე უშუალოდ თამაშის წინ მივიღებთ."
ლაშა დვალი (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი):„თერთმეტ დღეში ოთხი თამაში, გასაგებია, რომ ადვილი არ არის, თუმცა თავს ფიზიკურად კარგად ვგრძნობთ. ჩვენი სამედიცინო შტაბი გვეხმარება, რომ თავი კარგად ვიგრძნოთ და ვფიქრობ, რომ ფიზიკურად ნამდვილად მზად ვართ ხვალინდელი თამაშისთვის. რთული პერიოდი ყველა გუნდს უდგას. ახლა ჩვენ გვაქვს ასეთი პერიოდი, თუმცა ამას ერთობლიობით, პოზიტივითა და მოედანზე ბრძოლისუნარიანობით ვუმკლავდებით. უნდა გავიდეთ მოედანზე და ვაჩვენოთ ის, რასაც მწვრთნელი დაგვავალებს, მაქსიმალურად შევასრულოთ დავალებები, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას.“
ურთიერთშეხვედრების ისტორია: ჩრდ.ირლანდია - საქართველო 4:1 (2008 წელი), საქართველო - ჩრდ.ირლანდია 0:1 (2026 წელი)
ჩრდ.ირლანდია - საქართველო
ერთა ლიგა, ჯგუფური ეტაპი
5 ოქტომბერი, 22:45
ვინდსორ პარკი, ბელფასტი
მთავარი მსაჯი: გ.გიშამერი (ავსტრია)
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, დვალი, ლოჩოშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, ეგოიანი, კვარაცხელია, დავითაშვილი, ზივზივაძე.















