კვირის ცენტრალურ მატჩში ლივერპული მანჩესტერ იუნაიტედს ესტუმრება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ ამ დაპირისპირებისგან.
მანჩესტერ იუნაიტედი V ლივერპული | 18:30
ორივე გუნდის მიზანი არის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა, რაც გულისხმობს ხუთეულში ადგილის შენარჩუნებას. მან იუნაიტედი 61 ქულით მესამეა, ლივერპული კი 58-58 ქულით მეოთხე-მეხუთე პოზიციებს ბირმინგემის ასტონ ვილასთან იყოფს. როგორც ვხედავთ, მანჩესტერელები მერსისაიდელებზე უკეთეს მდგომარეობაში არიან.
რაც შეეხება გუნდების ბოლოდროინდელ ფორმას, ამ მხრივაც თითქმის თანაფარდობაა, "სქაუზერები" - სამი გამარჯვება უკანასკნელ ოთხ შეხვედრაში, "წითელი ეშმაკების" ანგარიშზე კი ბოლო ოთხ თამაშში ორი მოგება არის. ორივე კლუბმა თავის უკანასკნელ ორ შეხვედრაში იმარჯვა.
დანაკლისის მხრივ, ენფილდის ბინადრების მდგომარეობა უფრო მძიმეა, თავად განსაჯეთ - მოჰამედ სალაჰი, ალისონ ბეკერი, გიორგი მამარდაშვილი და უგო ეკიტიკე. ეგვიპტელი ფორვარდი იქცა ოლდ ტრაფორდის მკვიდრთა ნამდვილ ღამის კოშმარად, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ისტორია დასრულებულია.
არნე სლოტის გუნდის ლიდერი დღეს არ იქნება, სეზონის დასრულების შემდეგ კი მის კარიერაში ახალი თავგადასავალი დაიწყება. რაც შეეხება მაიკლ კერიკის დანაკლისს: მატის დე ლიხტი და ლისანდრო მარტინესი, ასევე საეჭვოა ლიუკ შოუსა და მატეუს კუნიას გამოჩენა. დიახ, ოპტიმალური შემადგენლობით არც იუნაიტედი იქნება.
ეს არის ამ გუნდების რიგით 208-ე მატჩი და იქამდე გვხვდება 81 გამარჯვება მანჩესტერული გუნდის მხრიდან, 67 - ლივერპულის, 59 თამაში ფრედ დასრულდა. გოლების მხრივ რეკორდსმენი აღნიშნულ დუელში როგორც ვთქვით არის მერსისაიდელთა მე-11 ნომერი, რომელმაც "წითელი ეშმაკების" კარი საერთო ჯამში 16-ჯერ აიღო.
კვირის მატჩის დღე
| ფიურტი - ნიურნბერგი | 15:30 | ბუნდესლიგა 2 |
| რასინგი - უესკა | 16:00 | ლა ლიგა 2 |
| სასუოლო - მილანი | 17:00 | სერია ა |
| მანჩესტერ იუნაიტედი - ლივერპული | 18:30 | პრემიერ ლიგა |
| ზალცბურგი - შტურმი | 19:00 | ბუნდესლიგა ავსტრია |
| იუვენტუსი - ვერონა | 20:00 | სერია ა |
| ინტერი - პარმა | 22:45 | სერია ა |
| ესპანიოლი - რეალი | 23:00 | ლა ლიგა |








