შეთანხმება შედგა, მარკო როისი დორტმუნდიდან კარიერას ამერიკულ ლოს ანჯელეს გალაქსიში გააგრძელებს. მხარეებს შორის 18-თვიანი კონტრაქტი გაფორმდება. მას შემდეგ, რაც მხარეები ყველა საჭირო დოკუმენტს გაცვლიან, ფეხბურთელი ლოს ანჯელესში სამედიცინო შემოწმების გასავლელად გაემგზავრება.
35 წლის გერმანელმა დორტმუნდის დატოვება რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა და როგორც ჩანს, სხვა ევროპულ გუნდში გადასვლა მის გეგმებში არ შედიოდა. LA Galaxy-ის გარდა, იყო სხვა შემოთავაზებებიც, კერძოდ, შარლოტისგან და საუდის კლუბებისგან, თუმცა მარკომ ყველაფერს 5-გზის ამერიკის ჩემპიონ გუნდში გადასვლა ამჯობინა.
როისმა დორტმუნდში 12 წელი გაატარა, რა დროშიც 429 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 170 გოლი და 131 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა. ამ პერიოდში გერმანელმა ფეხბურთელმა შავ-ყვითლებთან ერთად, ქვეყნის თასი ორჯერ მოიგო, 3-ჯერ კი - ქვეყნის სუპერთასი.
ლოს ანჯელეს გალაქსიში გამორჩეული ევროპელი ფეხბურთელების თამაში უცხო არაა. დევიდ ბექჰემი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ეშლი კოული, სტივენ ჯერარდი და რობი კინი - ეს ფეხბურთელები კლუბის ღირსებას წინა წლებში იცავდნენ.