მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, ჰარი კეინის არშემდგარი ტრანსფერი გაიხსენა. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, "წითელმა ეშმაკებმა" გაიფორმეს რასმუს ჰოილუნდი, მაგრამ ნიდერლანდელი თავკაცის მთავარი სატრანსფერო სამიზნე სწორედ ინგლისელი ფორვარდი იყო.
"ახალ თავდამსხმელს დიდხანს ვეძებდით. მე მინდოდა უკვე შემდგარი შემტევი, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადმობირება ვერ მოვახერხეთ. საუბარია კეინის შესახებ. ჰარი არის ისეთი ფორვარდი, რომელიც ყოველ სეზონში შენი გუნდისთვის მინიმუმ 30 ბურთს გაიტანს. ჩვენი შემდეგი არჩევანი იყო ჰოილუნდი და საბედნიეროდ, ის აღარ დავკარგეთ.
ინგლისელი თავდამსხმელისა და რასმუსის შედარება უადგილოა, რადგან მათ შორის უდიდესი სხვაობაა, როგორც გამოცდილებაში, ისე თამაშის სტილშიც. მჯერა, რომ დანიელ ფორვარდს შეუძლია ბაიერნის შემტევის დონემდე მისვლა, მას მთელი კარიერა წინ აქვს", - განაცხადა "მანკუნიანელების" თავკაცმა.