ლივერპული პრემიერ ლიგის ტიტულისკენ სრული სვლით მიიწევს. 28 ტურის შემდეგ, ინგლისის ჩემპიონატის ლიდერი უახლოეს მდევარს, ლონდონის არსენალს 13 ქულით უსწრებს. საინტერესოა, რომ "წითლების" ტრიუმფის შემთხვევაში, საჩემპიონო მედლის გარეშე შესაძლოა ფედე კიეზა დარჩეს.
პრემიერ ლიგის წესების თანახმად, მედალს იღებს ის ფეხბურთელი, რომელმაც სეზონში მინიმუმ ხუთი შეხვედრა ჩაატარა. იტალიელი შემტევის ანგარიშზე ამ დროისთვის არის 3 მატჩი, წინ კიდევ 10 ტურია. იმ შემთხვევაში, თუ მერსისაიდელთა ვინგერი მოედანზე კიდევ 2-ჯერ გამოვა, საჩემპიონო სიაში ისიც იქნება.
"სქაუზერების" მე-14 ნომერმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში სამი შეხვედრის ჯამში მოედანზე სულ რაღაც 25 წუთი გაატარა. 21 სექტემბერს, მან ბორნმუთთან მატჩში ითამაშა 18 წუთი, იმის შემდეგ კი იანვარში 3 წუთი ბრენტფორდთან და 4 წუთი იფსვიჩთან.