დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტური. ლიდერი უცვლელია - ლივერპული, რომელმაც მოიპოვა მეექვსე გამარჯვება და 18 ქულა მოაგროვა. მეორე პოზიციაზე 15 ქულით ბარსელონა არის. აღსანიშნავია, რომ 1-2 ადგილოსნებმა 24 საუკეთესო გუნდს შორის ადგილი უკვე გაიფორმეს.
25-ე ადგილზე მყოფ პარის სენ-ჟერმენს აქვს შვიდი ქულა, რაც ნიშნავს იმას, რომ დარჩენილ ორ ტურში ექვსი ქულის მოგროვებითაც კი შეუძლებელია აღნიშნული გუნდისთვის "წითლების" ან "ბლაუგრანას" ადგილის დაკავება. ასევე გვყავს 3 გუნდი, რომელმაც შემდეგ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსი დაკარგა.
საუბარია ლაიფციგზე, იანგ ბოიზსა და სლოვანზე. სამივე გუნდს აქვს ნული ქულა, 24-ე ადგილამდე კი მინიმუმ რვა ქულა არის. როგორც ვხედავთ, გურამ კაშია ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს ემშვიდობება, ოთარ კიტეიშვილსა და ირაკლი აზაროვს კი შანსი ჯერ კიდევ აქვთ.
მივადექით ბომბარდირთა რბოლას, სადაც მოწინავე პოზიციებზე ასევე კატალონიელები არიან. შვიდი გოლით პირველ ადგილზე არის რობერტ ლევანდოვსკი, შემდეგ კი მოდის რაფინია დიასი, რომელსაც ერთი ბურთით ნაკლები აქვს გატანილი. 6 გოლი ასევე გატანილი აქვს დორტმუნდის ბორუსიას ფორვარდს, სერუ გირასის.