Eurosport-ის ფრანგულმა ვერსიამ ლიგა 1-ის ზამთრის საუკეთესო ტრანსფერები დაასახელა. სიაში არის გიორგი მიქაუტაძეც, რომელიც იანვარში ამსტერდამის აიაქსიდან მეცში დაბრუნდა. ქართველი ფორვარდის გარდა, რეიტინგში ასევე არიან ნემანია მატიჩი (რენი-ლიონი), მოჰამედ ბამბა (ვოლფსბერგერი-ლორიენი), მოდიბო სანიანი (უტრეხტი-მონპელიე) და სხვები.
"მიქაუტაძე არის თანამედროვე მეცის სიმბოლო და მთავარი ფეხბურთელი. საუბარია გუნდზე, რომელიც მის დაბრუნებამდე ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. დაბრუნდა ჟორჟი და ყველაფერი თითქოს უფრო ფერადი გახდა. მან უკვე მოასწრო 8 ბურთის გატანა და 2 ასისტის გაკეთება. ლოთარინგიელებს საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი გაუჩნდათ.
ქართველი თავდამსხმელის სტატისტიკა შთამბეჭდავია, თანაც ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ მან 30 შეხვედრიდან მხოლოდ 16 ჩაატარა. "ლეს გრენატსის" მიერ გატანილი ბურთების 42%-ში მონაწილეობა სწორედ აიაქსიდან დაბრუნებულ ფორვარდს აქვს მიღებული", - წერს Eurosport-ი ახალგაზრდა შემტევის შესახებ.