L'Équipe-მა ლიგა 1-ის ფეხბურთელების ყოველთვიური ხელფასების ოდენობა გაასაჯაროვა. ჩვენთვის ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს მეცის თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის ანაზღაურება. როგორც ფრანგული წყარო იუწყება, "ლეს გრენატსი" მას ყოველთვიურად 125 000 ევროს უხდის, რითაც ის კლუბში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფორვარდი ამსტერდამის აიაქსის საკუთრებაა და ლოთარინგიაში განათხოვრების წესით თამაშობს. რაც შეეხება საფრანგეთის ჩემპიონატის ზოგადად ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეს, ის პარის სენ-ჟერმენის ლიდერი, კილიან მბაპეა, რომელიც ყოველთვიურად 6 მილიონ ევროს იღებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ლიგა 1-ის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად ფებხურთელთა სიაში ყველა სწორედ პსჟ-ს წარმომადგენელია. ფრანგი თავდამსხმელის შემდეგ მოდიან მარკინიოს კორეა და ოსმან დემბელე, რომლებიც ყოველთვიურად 1 120 000 ევროს იღებენ. 10 ათასით ნაკლებს მილან შკრინიარი და ლუკას ერნანდესი იღებენ.