ლევერკუზენმა, კლუბის არსებობის ისტორიაში, ბუნდესლიგის ტიტული პირველად წინა ტურში მოიგო. ამ მიღწევის მთავარი შემოქმედი კი, რა თქმა უნდა, ჩაბი ალონსოა. იმის მიუხედავად, რომ ესპანელი სპეციალისტი გერმანულ კლუბში კიდევ ერთი სეზონი დარჩება, კლუბის აღმასრულებელი დირექტორი ფერნანდო კარო ესპანელის შესაძლო წასვლაზე უკვე საუბრობს:
"ალონსოს წაყვანა ბევრ კლუბს სურს. მომავალში შეიძლება ისეთ გუნდში წავიდეს, რომელშიც თვითონ თამაშობდა ფეხბურთს... მაგრამ ახლა ის ბედნიერია, ისევე როგორც ჩვენ. მან საოცარი სამუშაო გასწია და ჩვენი თანამშრომლობა ჯერ არ სრულდება. წინ კიდევ ბევრი მიზანია, რომლის მიღწევაც ჩაბისთან ერთად გვსურს.
გამოსასყიდი თანხა? - ეს ჩვენ შორის კონფიდენციალური საკითხია.
სად ვხედავ ჩაბის მომავალში? - რეალ მადრიდი, ამაში ეჭვიც კი არ მეპარება. ერთ დღეს ეს აუცილებლად მოხდება. მხოლოდ ისაა გასარკვევი როდის, სხვა შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ ალონსო მადიდრულ გუნდს ჩაიბარებს. დამიჯერეთ, ეს გარდაუვალია."