რობერტ ლევანდოვსკიმ ბარსელონაში გადასვლის შემდეგ, 133 შეხვედრაში 93 გოლის გატანა მოასწრო. თავისი ამჟამინდელი გუნდის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორთა სიაში პოლონელი ფორვარდი ამჟამად 22-ე პოზიციას იკავებს. 10-ეულში შესვლისთვის მას კიდევ მინიმუმ 27 ბურთის გატანა სჭირდება.
საინტერესოა ის, რომ "ბლაუგრანას" თავდამსხმელი სულ რაღაც ერთი გოლით ჩამორჩება რონალდინიო გაუჩოს (94 გოლი), ნეიმარ ჟუნიორამდე (105 გოლი) კი მას 12 ბურთი აშორებს. საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლომდე, კატალონიელთა მე-9 ნომერმა ორივე მათგანს გადაასწროს.
36 წლის თავდამსხმელმა უკვე ჩამოიტოვა ისეთი ლეგენდარული შემტევები, როგორებიც არიან იოჰან კრუიფი, დიეგო მარადონა, გარი ლინეკერი, რომარიო ფარია, რონალდო ნაზარიო, ტიერი ანრი, დავიდ ვილა და სხვები. საინტერესოა ისიც, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" 21-ე საუკუნის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორთა სიაში ლევანდოვსკი მე-7 პოზიციაზე არის.