"ერთადერთი, ვისაც შეუძლია მითხრას, რომ საკმარისად კარგი არ ვარ, შენ ხარ და მაშინაც შეიძლება არ დაგეთანხმო", - გუშინდელი კარგი მატჩის შემდეგ, ყველა საქართველოს ნაკრებზე საუბრობს და ხალხი ამაყია. ყველა ქართველი ფეხბურთელების ქებაშია, თუმცა მათ სიაში არ არის ხვიჩა კვარაცხელია.
ყველამ კარგად ვიცით, რამხელა მოლოდინი ჰქონდა კვარაცხელიას ევროპის ჩემპიონატამდე, როგორ ემზადებოდა და ყველა ინტერვიუში ამბობდა, რომ სრულად კონცეტრირებული იყო ამ ტურნირზე. სტადიონზე რომ გავიდა "დაბურძგლა" კიდეც, მაგრამ ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც სურდა.
როგორც ჩანს, 26 მარტის ღამიდან მოყოლებული, როცა საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე გავიდა, თურქმა მცველებმა კვარაცხელიას თამაშის შესწავლა დაიწყეს, ღამეებს ათენებდნენ და ეს კარგად გამოუვიდათ. ჩაგდებული თამაშის გამო, კვარას უამრავი კრიტიკოსი ჰყავს, მესიჯებიც შემოგვდის, კვარცხელიას თამაში არ სცოდნიაო.
ეს ლოგიკურია, რადგან მატჩში, რომელსაც ყველა ფეხბურთის მოყვარული თუ არამოყვარული უყურებდა, ქართული ფეხბურთის მთავარმა სიმბოლომ ვერ ითამაშა, თუმცა უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როცა ტოპ ვარსკვლავებს ამაზე გაცილებით დიდი მატჩები ჩაუგდიათ. ეს ფეხბურთის თანმხლები პროცესია.
სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი, ჩემპიონთა ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა, საუკეთესო დრიბლიორი ყველა ტურნირზე, სადაც თამაშობს და ქართველი ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც 100 მილიონს იხდიან. ფეხბურთელი, რომელმაც ქართული ფეხბურთი სულ სხვა დონეზე გადაიყვანა. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ დღეს ქართული ფეხბურთის განვითარება და ქართველი ფეხბურთელების ევროპულ ასპარეზზე გზის გახსნა, კვარაცხელიას დამსახურებაა. ის არის ელჩი ჩვენი ქვეყნის - ამ ყველაფრის ფონზე კი იმის თქმა, რომ ხვიჩა არ ყოფილა ისეთი მაგარი, როგორიც გვეგონა, ლოგიკას არ ექვემდებარება. პირიქით, ასეთ დროს ფეხბურთელს გამხნევება სჭირდება, რადგან მომდევნო 1-კვირიან ინტერვალში კიდევ 2 მატჩი გვაქვს ჩასატარებელი. ჯერ ჩეხეთს ვეთამაშებით, შემდეგ - პორტუგალიას.
როცა კვარას აკრიტიკებენ და ამბობენ, თითქოს თამაში არ იცის, ხვიჩა ბრაზდება ხოლმე. ისე ბრაზდება, რომ მეტოქე გუნდის მცველებს სისხლს უშრობს, კრიტიკოსებს აჩუმებს, თან ისე აჩუმებს, რომ ხმას ვერავინ ვერ იღებს და მასზე კარგის მეტს არაფერს ამბობენ ხოლმე.
ბურთი მიიღო, წავიდა, გამწვავებაზე დაკარგა. პასი გააკეთა, მეტოქემ ჩაუჭრა. კარში ვერ დაარტყა, მცველთან ერთი-ერთზეა, ვერ მოატყუა, დღეს მისი დღე არაა - კვარაცხელიას გუშინდელი თამაში ცნობილი საფეხბურთო ფილმის, "გოლის" მთავარი პერსონაჟის, სანტიაგო მუნიესის (ჯოტია ცაავა) თამაშს ჰგავდა, როცა პირველ, გადამწყვეტ მატჩში, ვერაფერი ვერ ქნა, ყველას კრიტიკა დაიმსახურა, უთხრეს თამაში არ იციო და იმდენი ქნა, რომ ფსიქოლოგიურად კარგად მოემზადა და შემდეგი მატჩები მარტომ მოიგო. ამ წერილის საწყისი ფრაზაც ამ ფილმიდანაა და სცენარის მიხედვით, კვარაცხელია მალე ისევ იმდენს იზამს, მთელ საქართველოს კვლავ დადებითად აალაპარაკებს.