მანჩესტერ სიტი კრიზისშია - მხოლოდ ერთი გამარჯვება უკანასკნელ 10 შეხვედრაში. პეპ გუარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში არასდროს ყოფილა ასეთი ჩავარდნა, მაგრამ დაახლოებით მსგავსი, ერთხელ უკვე დაფიქსირდა. საუბარია 2014/15 წლების სეზონზე, როდესაც მიუნხენის ბაიერნმა ესპანელი ტაქტიკოსის ხელში სეზონის დასკვნითი ნაწილი ჩააგდო.
"რეკორდმაისტერის" შედეგი იყო ასეთი - მხოლოდ ორი გამარჯვება უკანასკნელ რვა შეხვედრაში. გერმანული გრანდის გულშემატკივრებმა იხილეს საყვარელი კლუბის გამოვარდნა ჩემპიონთა ლიგისა და გერმანიის თასის 1/2 ფინალებიდან, ასევე, რამდენიმე წაგება ბუნდესლიგაში. ბავარიელებმა ევროსარბიელზე წააგეს ბარსელონასთან, ქვეყნის თასზე კი - დორტმუნდის ბორუსიასთან.
რაც შეეხება ბუნდესლიგას, რამდენიმე მარცხის მიუხედავად, გუარდიოლას გუნდმა ჩემპიონობა მაინც მოახერხა. ახალი სეზონის დაწყების წინ კი ალიანც არენას ბინადრებმა გერმანიის სუპერთასზე ვოლფსბურგთან წააგეს. აღსანიშნავია ისიც, რომ კრიზისული პერიოდის დასრულების შემდეგ, გერმანულმა გრანდმა ზედიზედ 12 მატჩი მოიგო.