მილანის ინტერის ნახევარმცველმა, ჰენრიხ მხითარიანმა იურგენ კლოპის გვერდით გატარებული პერიოდი გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ ვეტერანი გამთამაშებელი გერმანელ სპეციალისტთან მუშაობდა დორტმუნდის ბორუსიაში, 2013-2015 წლებში. სომეხ შუახაზელს დღემდე ახსოვს მისი რჩევა, რომელიც ფეხბურთელს თავისი კარიერის მსვლელობისას ძალიან გამოადგა.
"ჯერ კიდევ შახტარში თამაშიდან მოყოლებული მქონდა ჩვევა - ყოველი მატჩის დასრულების შემდეგ, ტელეფონს ვთიშავდი. რა იყო ამის მიზეზი? საკუთარი თამაშის მიმართ ძალიან თვითკრიტიკული ვარ. შემდეგ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა კლოპი, რომელმაც მირჩია, რომ თამაშში დაფიქსირებულ შედეგზე პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარ თავზე არ ამეღო.
იურგენმა ასევე მირჩია, რომ მარცხი დამევიწყებინა მალე და ყოველთვის შემდეგ მატჩზე მეფიქრა. მე ის ძალიან დამეხმარა", - იხსენებს "ნერაძურის" გამთამაშებელი, რომელმაც გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ჩაატარა 88 მატჩი, გაიტანა 17 ბურთი და გააკეთა 18 ასისტი.