მიმდინარე სეზონის ბოლოს, იურგენ კლოპი ლივერპულს დატოვებს. ის პრემიერ ლიგაში მოვიდა 2015 წელს და იმის შემდეგ, მან თავის გუნდს საერთო ჯამში 7 ტიტული მოაგებინა. საინტერესოა, რომელმა ინგლისურმა გუნდებმა დახარჯეს ყველაზე მეტი ფული და მოიგეს ყველაზე მეტი ჯილდო, მას შემდეგ, რაც გერმანელი ტაქტიკოსი მერსისაიდში დაინიშნა.
როგორც აღვნიშნეთ, უშუალოდ "წითლებმა" მოიგეს შვიდი ტიტული, მათზე უკეთესი შედეგი აქვს მხოლოდ მანჩესტერ სიტის, რომელმაც დროის ამ შუალედში 15 ჯილდო მოიგო. ცნობისთვის, "სქაუზერებმა" დახარჯეს 346 მილიონ ფუნტ სტერლინგი, მაშინ, როდესაც "ქალაქელებმა" თითქმის 2-ჯერ მეტი: 630 მილიონი ფუნტი.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ დიდი ექვსეულის გუნდებიდან კლოპის კოლექტივმა საერთოდ ყველაზე ნაკლები დახარჯა. მანჩესტერ იუნაიტედისა და ჩელსის ხარჯებმა გადააჭარბეს მილიარდ ფუნტ სტერლინგს, არსენალმა დახარჯა 702 მილიონი, ტოტენჰემმა კი - 570 მილიონი. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ როგორი განსაკუთრებულია გერმანელი ტაქტიკოსი.