საქართველოს 20-წლამდე კალათბურთლთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში გამოსვლა მე-15 ადგილზე დაასრულა. მას შემდეგ, რაც ჯგუფურ ეტაპზე 4 მატჩიდან 1 მოიგო და ბოლოსწინა ადგილი დაიკავა, საქართველოს ნაკრები IX-XVI ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთო.
პირველ საკვალიფიკაციო მატჩში საქართველო მაკედონიას შეხვდა, რომელმაც A ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა. აღნიშნული მატჩი მეტოქის გამარჯვებით, 97:62 დასრულდა. მეორე შეხვედრაში, რომელსაც უკვე მე-13 ადგილისთვის საკვალიფიკაციოს სტატუსი ჰქონდა, კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი კვიპროსს დაუპირისპირდა, თუმცა ეს მატჩიც მეტოქემ მოიგო ანგარიშით 78:54.
ბოლო საკვალიფიკაციო შეხვედრა უკვე მე-15 ადგილისთვის გახლდათ, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქე დანია იყო. მატჩი ჩვენი გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა და საქართველომ 83:76 გაიმარჯვა.
დანიასთან მოგებულ შეხვედრაში ნაკრების რიგებში ოთხი საუკეთესო მექულე გამოირჩა: ნიკოლოზ აბულაძემ და ამირანი აროშიძემ გუნდს 16-16 ქულა შესძინეს, გურამ ცხადაძემ 13 ქულა დააგროვა, ხოლო გიორგი დოხნაძემ მატჩი 11 ქულით დაასრულა.
ამრიგად, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ტურნირზე გამართული 7 მატჩიდან 2 მოიგო, 5 წააგო და 21 გუნდიდან მე-15 ადგილი დაიკავა.












