რა ემოციები დაგეუფლათ პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ?
- ისტორიული შეხვედრა. გვქონდა მხოლოდ ერთი მიზანი, რომელიც ფურცელზე შეუძლებელი ჩანდა, თუმცა ჩვენ მაინც მოვახერხეთ წარმატების მიღწევა. გვყავს შესანიშნავი ფეხბურთელები, რომლებმაც უშეცდომოდ ითამაშეს. მომეწონა გუნდის კომპაქტურობა და ის, თუ რა კარგად ვთამაშობდით ფლანგებზე. პორტუგალაის ხშირად უწევდა ბურთის დასაბრუნებლად ბრძოლა.
ნაკრები წერს ისტორიას. რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის და როგორ შეაფასებდით გუნდის გამოსვლას?
- მათი მიღწევა ქვეყნისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მენტალიტეტი, ტრადიციები, დროშა, ეს ყველაფერი საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში ჩანდა. თურქეთთან წაგების მიუხედავად, გუნდის თამაშში ბევრი პოზიტიური მომენტი დავინახე. იყო თანაბარი ბრძოლა, უბრალოდ ბოლოს არ გაგვიმართლა. ჩეხეთთან მოგებაც შეგვეძლო, პორტუგალიასთან კი ნამდვილი გმირობა ჩავიდინეთ.
რა არის საქართველოს ნაკრების წარმატების საიდუმლო?
- მენტალიტეტი, დისციპლინა და სწორი ტაქტიკური მიდგომა მწვრთნელის მხრიდან.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა უმეტესობა დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სისტემა მუშაობს...
- 2013 წელს, საქართველოს მთავრობამ და ფეხბურთის ფედერაციამ დაიწყეს ბავშვთა ფეხბურთის განვითარების პროცესი. ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ქართული კლუბების აკადემიებს. უკვე რამდენიმე წელია, რაც ამ ყველაფრის შედეგებს ვხედავთ. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის ძალიან კარგ გუნდებში თამაშობენ. მაგალითად, იტალიაში გვყავს ნაკრების ორი მოთამაშე, კვარაცხელია და ლოჩოშვილი.

ნაპოლის შემტევზე რისი თქმა შეგიძლიათ?
- კვარა არის კვარა. ის არის უნიკალური ფეხბურთელი და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო. ის არის უმაღლესი დონის შემსრულებელი, რომელიც ჩვენს მეტოქეებს ბევრ პრობლემას უქმნის. მას მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია მარტოს და ამის გარდა, მას შეუძლია მომენტის დაგვირგვინების საშუალება მისცეს სხვას, მაგალითად მიქაუტაძეს.
როგორ შეაფასებდით სანიოლის მუშაობას?
- საქართველოს ნაკრების წარმატებაში მას უდიდესი წვლილი მიუძღვის. სწორედ მისი დამსახურებით მივაღწიეთ იმ ნიშნულს, რომელზეც ახლა ვართ. მან შექმნა ძალიან კარგი გუნდი, რომელმაც ისტორიულ შედეგს მიაღწია. დასაფასებელია მის მიერ გაწეული სამუშაო, ის მაღალი დონის მწვრთნელია.
Filippo Maria Ricci © RCS MEDIAGROUP









