ნაპოლი-ბარსელონა (1:1) - მარადონას სახელობის დერბი, რომელმაც ბევრი კითხვა დატოვა
მიმდინარე სეზონზე უკვე მესამედ, ნაპოლის ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ფრანჩესკო კალცონამ გუნდი რამდენიმე დღის წინ ჩაიბარა და ცხადია, კარდინალური ცვლილებების განხორციელებას ვერც მოასწრებდა. "პარტენოპეისთვის" კარგად ნაცნობი სქემა, წინ კი ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ინდივიადუალური ოსტატობა, ასეთი იყო იტალიელი დამრიგებლის გათვლა.
რა შედეგი გამოიღო ამ ყველაფერმა? ძალიან სუსტი პირველი ტაიმის შემდეგ, "აძურიმ" მოგვიანებით გოლიც გაუშვა, თუმცა შემდეგ გუნდი ერთგვარად გამოცოცხლდა. წონასწორობა აღადგინა ნიგერიელმა ფორვარდმა, რომელმაც ისევ და ისევ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შეძლო ბარსას კარის აღება.

კალცონას გუნდის გარემარბი მოედნიდან გაბრაზებული გავიდა, თუმცა რაღაც კონფლიქტზე და განხეთქილებაზე საუბარი არ ღირს. ის უბრალოდ საკუთარი თამაშით უკმაყოფილო იყო. ყველაფერი გადაწყდება საპასუხო მატჩში, რომელიც 12 მარტს გაიმართება. იტალიელ დამრიგებელს ნაპოლის თამაშში კორექტირებების შეტანისთვის ამჯერად საკმარისი დრო ექნება.

ინტერი-ატლეტიკო (1:0) - ორი ძველი მეგობრის საჭადრაკო პარტია
სიმონე ინძაგი ძალიან კარგად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას და ეს მადრიდელებთან შეხვედრაშიც გამოჩნდა. "შავ-ლურჯებმა" მოწინააღმდეგე უბრალოდ ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. ეს ის შემთხვევაა, როცა შედეგი არ შეესაბამება მატჩის მსვლელობას, რადგან მეაცას ბინადრებს უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლოთ.
ინძაგის გუნდი სწორ გზაზეა და თუ სხვა გზაზე არ გადაუხვიეს, "როხიბლანკოს" ბარიერი საბოლოოდ გადალახული იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ შიდა ჩემპიონატში ინტერს ყველაფერი ძალიან კარგად აქვს, სავსებით შესაძლებელია მთელი ძალებისა და რესურსის ევროთასებზე გადმოტანა.

ლაციო-ბაიერნი (1:0) - კრიზისში მყოფი მრისხანე მეტოქე, ეს არის შანსი!
"ბიანკოჩელესტესგან" განმეორებით შეხვედრაში ჩაკეტილ, პრაგმატულ და შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთს უნდა ველოდოთ. ეს სულაც არ არის სასირცხვილო, რადგან მათი მეტოქე "რეკორდმაისტერია", რომლის ცივსისხლიანობაზე ლეგენდები დადის. ვნახოთ, ეყოფათ თუ არა "არწივებს" საკმარისი გამბედაობა შედეგის ბოლომდე მისაყვანად.









