დღეს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული დღეა. 22 წლიანი პაუზის შემდეგ, გაჩნდა რეალური შანსი, რომ ევროტურნირების ჯგუფში ქართული გუნდი მოხვდეს.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი იბერია ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობს და ჩრდ.ირლანდიურ ლარნეს უპირისპირდება.
ამ გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ჩრდ.ირლანდიაში შედგა და უგოლოდ დასრულდა, თუმცა პირველმა თამაშმა დაგვანახა, რომ ამ ეტაპის დაძლევა იბერიასთვის რთული არ უნდა იყოს.
სასიხარულოა, რომ ტრავმის შემდეგ იბერიას გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვახო ბედოშვილი დაუბრუნდა და სრულ მზადყოფნაშია
თუ იბერია ამ ბარიერს გადალახავს, ევროპა ლიგის ფლეი-ოფში გავა და კონფერენს ლიგის ჯგუფის საგზურს გაინაღდებს. ევროპა ლიგის ფლეი-ოფში მათი მეტოქე რეინჯერსსა და იაგელონას შორის გამარჯვებული იქნება,.
ანდრი დემჩენკო: "იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რაც ვთქვით, ბევრი ხარვეზი გვქონდა, თუმცა საბოლოოდ მთავარი მაინც შედეგია და ეს შედეგი ხვალ ჩვენს სასარგებლოდ უნდა დავასრულოთ. კარგად ვაცნობიერებთ ამ მატჩის ისტორიულ მნიშვნელობას. ხვალ სულ სხვა იბერიას ვიხილავთ, გამოვასწორებთ იმ შეცდომებს, რომლებიც ჩრდ.ირლანდიაში დავუშვით, ყველაფერს მოთმინებით უნდა მივუდგეთ და ჩვენი თამაში ვაჩვენოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდი ფსიქოლოგიურად კარგად იყოს მომზადებული, ამაზე ბევრი სამუშაო გავწიეთ და შევეცადეთ, წნეხი მინიმუმამდე დაგვეყვანა. "
გარი ჰავერონი: "ინფორმირებულები ვიყავით იმ პრობლემებზე, რაც იბერიას მატჩის წინ გადახდა, თუმცა ჩვენ ამასთან შეხება არ გვქონდა და კონკრეტულად მატჩისთვის ვემზადებოდით. თანაბარი თამაში იყო, იბერია კარგი გუნდია, მაგრამ მომენტები ჩვენც გვქონდა. შევეცდებით, ხვალინდელ მატჩში თავი კარგად წარმოვაჩინოთ. ამ შემთხვევაში, უპირატესობა იბერიას ექნება, რადგან საკუთარი გულშემატკივრის წინ ითამაშებენ, თან ამჯერად ხანგრძლივი მგზავრობა ჩვენ მოგვიწია. ვიცით, რომ ხვალინდელი მატჩი საკმაოდ რთული იქნება. თავდაჯერებულები ვართ და გვჯერა, რომ გამარჯვება შეგვიძლია"
იბერია - ლარნე
ევროპა ლიგა, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი
11 აგვისტო, 20:00
მიხეილ მესხის სტადიონი, თბილისი
იბერიას სავარაუდო შემადგენლობა: მაკარიძე, ქობულაძე, სელიმოვიჩი, ამისულაშვილი, ჯინჯოლავა, კუცია, დადიანი, ქარდავა, ბართიშვილი, ნაჭყებია, სიხარულაშვილი.











