უკრაინის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონის დაწყების წინ, სერგეი რებროვის ადგილი ანდრეა მალდერამ დაიკავა. დიახ, ისტორიაში პირველად, "ლურჯ-ყვითლების" დამრიგებელი უცხოელი იქნება. შეგახსენებთ იმასაც, რომ ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე სწორედ "ზბირნა" არის.
რა უნდა ვიცოდეთ იტალიელი მწვრთნელის შესახებ? 2006 - 2016 წლებში ის მუშაობდა მილანში, 19-წლამდელების გუნდის თავკაცად და უშუალოდ მთავარ დამრიგებელთა ასისტენტად. "როსონერის" ექს-მენეჯერი მსგავს პოზიციაზე 2016-2021 წლებში მოღვაწეობდა უკრაინაშიც, მაშინ, როცა ეროვნულ გუნდს ანდრეი შევჩენკო ხელმძღვანელობდა.
"ლურჯ-ყვითლებიდან" წასვლის შემდეგ, 55 წლის მწვრთნელი იყო რობერტო დე ძერბის თანაშემწე, ბრაიტონსა და მარსელის ოლიმპიკში. იყო საუბრები, რომ მალდერა თანამემამულე სპეციალისტს გაყვებოდა ტოტენჰემშიც, მაგრამ მან "ზბირნაში" დამრიგებლის რანგში დაბრუნება გადაწყვიტა.








