ჩემპიონთა ლიგის 2024/2025 წლების სეზონის მერვედფინალში სერია ა-ს ეყოლება მხოლოდ ერთი წარმომადგენელი - მილანის ინტერი. ტურინის იუვენტუსი, მილანი და ბერგამოს ატალანტა ევროსარბიელს დაემშვიდობნენ პლეიოფში, ბოლონიამ კი ფაზის სტადიის გადალახვა ვერ შეძლო.
ეს არის მესამე შემთხვევა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში სერია ა-ს მხოლოდ ერთი გუნდი ეყოლება. პირველად ეს მოხდა 2013/2014 წლების სეზონში: "როსონერი" გავიდა 1/8 ფინალში, "ბებერმა ქალბატონმა" და ნაპოლიმ კი ჯგუფური ეტაპის გადალახვა ვერ შეძლეს. რაც შეეხება კალჩოს იმდროინდელ ერთადერთ კლუბს, "შავ-წითლების" თავგადასავალი მალევე დასრულდა.
"ეშმაკები" დამარცხდნენ მომავალ ფინალისტთან, მადრიდის ატლეტიკოსთან, თანაც ორივე შეხვედრაში (0:1, 1:4). მეორე შემთხვევა, როდესაც სერია ა-ს მერვედფინალში ჰყავდა ერთი კლუბი დაფიქსირდა ერთი წლის შემდეგ, 2014/15 სეზონში, ამჯერად ყურადღების ცენტრში "ბიანკონერი" იყო. რაც შეეხება ჯგუფურ ეტაპს, მაქს ალეგრის გუნდის გარდა, ტურნირზე რომაც მოხვდა.
დავუბრუნდეთ ალიანს სთეიდიუმის ბინადრებს, რომლებმაც მოახერხეს ფინალში გასვლა, გზად კი დამარცხებული იქნა მადრიდის რეალი, დორტმუნდის ბორუსია და მონაკო. იუვეს სვლა ფინალში ბარსელონამ შეაჩერა. 10 წლის შემდეგ, კალჩოს ჰყავს კვლავ ერთი წარმომადგენელი, ამჯერად "ნერაძური".
საინტერესოა, რომ "გველების" სავარაუდო მოწინააღმდეგეები ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში იქნებიან პსვ ეინდჰოვენი ან როტერდამის ფეიენოორდი, სწორედ ისინი, რომლებმაც ბრძოლას ტურინელები და სან სიროს ბინადრები გამოთიშეს.