იტალიელი სპეციალისტი ანტონიო კონტე ნაპოლის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და ახალ გუნდში თავისი ფილოსოფიის და ხედვების დანერგვას გეგმავს.
ნაპოლიში მისვლის შემდეგ, კონტეს უმთავრესი მოთხოვნა ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას გუნდში დატოვება და მის ირგვლივ თამაშის აწყობა იყო. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კვარა ნაპოლიში რჩება, სწორედ კონტეს ფაქტორია.
პირველ ამხანაგურ შეხვედრაში კონტემ უკვე მიმართა იმ ექსპერიმენტს, რის გაკეთებასაც სერია ა-ს ახალ სეზონში აპირებს. იგულისხმება 3-4-2-1 ტაქტიკა, სადაც აქცენტი კვარაცხელიას პოზიციაზე უნდა გავაკეთოთ. ფორვარდის უკანა ორ შემტევში კვარა მარცხენა ფლანგზე იდგება, თუმცა ცენტრისკენ იქნება შემოწეული, რაც მისთვის იდეალური პოზიციაა.
დაახლოებით იგივე ტაქტიკით თამაშობს საქართველოს ნაკრებიც, თუმცა ამ შემთხვევაში, სანიოლი კვარას მეორე ფორვარდად ათამაშებს და ის და მიქაუტაძე ხშირად ცვლიან ხოლმე პოზიციებს.
ამ ტაქტიკურ სქემაში კონტეს მთავარი იდეალოგია ინდივიდუალისტების გამოყენებაა. მსგავს სპეციალისტებთან კი კვარაცხელია თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში, რადგან ხვიჩა ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ინდივიდუალისტია. (სერია ა-ს, ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ჩემპიონატისა და ერთა ლიგის გამორჩეული დრიბლიორი)
რამდენიმე დღის წინ, კონტემ განაცხადა, რომ ნაპოლი სივრცეების ათვისებას ერთი-ერთზე ფეხბურთელის მოტყუებით აპირებს და აქცენტი კვარაცხელიაზე გააკეთა. იყო დრო, როცა კვარაცხელიას პრაგმატულ თამაშს და პასების ხშირად გაკეთებას ავალებდნენ. ბევრჯერ გამოჩნდა, რომ ეს მის სტილში არ ჯდება და მოედანზე თავისუფლება სჭირდება.
გავიხსენოთ 2016/17 წლების სეზონი, როცა კონტე ჩელსის ანალოგიური ტაქტიკით ათამაშებდა და პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდა. ამ გუნდის გამორჩეული ფეხბურთელი ედენ აზარი იყო, რომელსაც კონტე ზუსტად იმ პოზიციაზე და იმ დავალებებით ათამაშებდა, რასაც წელს კვარას დაავალებს. აზარისთვის ის სეზონი კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
LaGazzetta.ge-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიამ მისთვის კომფორტულ პოზიციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თავს კომფორტულად ვინგერად უფრო გრძნობს.
კვარაცხელიას კომენტარი LaGazzetta.ge-სთან
[type="video" id="6712"]
3-4-2-1 ტაქტიკაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კარგი ფორვარდის ყოლაა. საჩემპიონო სეზონში კონტეს აზარის წინ დიეგო კოშტა ჰყავდა, რომელმაც 20 გოლი გაიტანა. ცუდი თავდამსხმელით არც ნაპოლი დაიჩივლებს, რადგან დიდი ალბათობით, გუნდს რომელუ ლუკაკუ შეუერთდება, რაც ხვიჩასთვის კიდევ უფრო დიდი კომფორტი იქნება. თუ ოსიმენი დარჩა, უფრო კარგი, რადგან კვარა-ოსიმენის დუეტმა თავისი სიტყვა უკვე თქვა.
ფაქტია, კვარაცხელიას სტილის მოთამაშისთვის კონტეს ეს ტაქტიკა იდეალურია, დანარჩენს ახალი სეზონი გვანახებს.