კოპა იტალიას მეოთხედფინალში ემპოლიმ სენსაციურად ტურინის იუვენტუსი დაამარცხა. ძირითადი დრო დასრულდა ფრედ, 1:1, პენალტების სერიაში კი "აძურის" "ბებერ ქალბატონზე" მეტად გაუმართლა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს გუნდი იტალიის თასის 4 საუკეთესო კლუბს შორის თავის ისტორიაში პირველად მოხვდა.
ტოსკანური გუნდის საუკეთესო შედეგად აქამდე ითვლებოდა მეოთხედფინალი - 1986, 1988 და 2007 წლებში. პირველ შემთხვევაში აღნიშნულ გუნდს აჯობა ფლორენციის ფიორენტინამ, შემდეგ კი ორივეჯერ მილანის ინტერმა. გავიდა ათწლეულები და "ლურჯებმა" საუკეთესო შედეგს მიაღწიეს.
კარლო კასტელანის ბინადრების ისტორიულ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა საბა გოგლიჩიძემაც, რომელიც "ბიანკონერისთან" შეხვედრაშიც მოედანზე იმყოფებოდა. როგორც ვიცით, ქართველი უკანახაზელი რობერტო დ'ავერსას გუნდში ატარებს სადებიუტო სეზონს და ამის გარდა, გუშინდელი მატჩი იტალიის თასზე მისთვის ასევე პირველი იყო.
ემპოლის მოწინააღმდეგე კოპა იტალიას ნახევარფინალში იქნება ბოლონია, შეხვედრა 23 აპრილს გაიმართება. აღნიშნული ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, "აძური" იტალიის თასის ფინალში ინტერსა და მილანს შორის ერთ-ერთს დაუპირისპირდება.