ბერნაბეუ მღერის "Hey Jude"-ს. ლა ლიგაში ეს სიმღერა ჩემპიონობის საუნდტრეკი გახდა, მართალია, მადრიდელებს ჯერ ოფიციალურად არ მოუგიათ, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია. ელ კლასიკოში ბელინგემის გოლის შემდეგ, ანჩელოტის გუნდი 11 ქულით უსწრებს ბარსელონას, დარჩენილი კი 6 ტურია. ინგლისელმა პირველ წრეშიც გაუტანა კატალონიელებს, თანაც 2-ჯერ.
ჯუდის ანგარიშზე ლა ლიგაში უკვე 17 გოლია. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს, არტიომ დოვბიკს, ის მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება.
"ბელინგემმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა რეალში მოსვლის შემდეგ, ასაკისა და სიმწიფის თვალსაზრისით. პრეზენტაციაზე ისე იქცეოდა, როგორც დაღვინებული მოთამაშე, თითქოს მადრიდში უკვე წლების მანძილზე ჰქონდეს ნათამაშები.
მისი მუხტი თანაგუნდელებს, კლუბის წევრებსა და გულშემატკივრებსაც კი გადმოედო. მას მოედანზე ყველაფერი შეუძლია და მძიმე დროს არასდროს დაიკარგება. ის არის განსაკუთრებული პიროვნება და მჯერა, რომ რეალის ლეგენდაც გახდება", - ამბობს რაულ გონსალეს ბლანკო, მადრიდელთა ლეგენდა და ქომაგების საყვარელი მოთამაშე.
"ბელინგემმა აჩვენა, თუ რა დონის ფეხბურთელია. როგორც ანჩელოტი აღნიშნა, ის ტოტალური მოთამაშეა. კარლო აბსოლუტურად მართალია, მას არანაირი ნაკლი არ აქვს. ჯუდი შეუჩერებელია, რადგან მას ყველაფერი აქვს: დრიბლინგი, სიჩქარე და ფინიშინგი", - ეს კი ფაბიო კაპელოს სიტყვებია.
რაულისა და კაპელოს მსგავსად, ბელინგემმა შთაბეჭდილება მარსელ დესაიზეც მოახდინა.
"ჯუდს ძალიან გაუმართლა მწვრთნელში, ანჩელოტიში. მან შექმნა სისტემა, რომელშიც ბელინგემი თავს კომფორტულად გრძნობს. არ მახსენდება ინგლისელი ფეხბურთელი, რომელიც ასე სწრაფად მიეჩვია უცხოურ გუნდს.
მიუხედავად იმისა, რომ ბელინგემის შედეგიანობამ სეზონის მეორე ნახევარში იკლო, მან დიდ მატჩებში დაამტკიცა, თუ როგორი მაღალი დონის ფეხბურთელია. იმედი მაქვს, ის კიდევ დიდხანს გააგრძელებს ჩვენს გაოცებას. მართლაც გამორჩეული ფეხბურთელია, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია", - განაცხადა ფრანგმა.
Filippo Maria Ricci © RCS MEDIAGROUP