სერია ა-ს 25-ე ტურის ფარგლებში, ჩემპიონატის ლიდერმა, მილანის ინტერმა საკუთარ კედლებში აუტსაიდერი სალერნიტანა მიიღო, რომელიც ანგარიშით 4:0 გაანადგურა. ცხადია, "ნერაძური" აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა და პირველივე წუთებიდან მასპინძლებმა შესაფერისი პერფომანსის დემონსტრირებაც დაიწყეს.
შეხვედრის დასაწყისში მოწოდების სიმაღლეზე იყო "გრანატას" მეკარე, გილერმო ოჩოა, თუმცა მეჩვიდმეტე წუთის შემდეგ, "შავ-ლურჯების" რეაქტიულ შეტევებს მანაც კი ვერაფერი მოუხერხა. მეაცას ტაბლოზე პირველი ნახევრის დასრულებამდე უკვე 3:0 ციმციმებდა. გოლები გაიტანეს მარკუს ტურამმა, ლაუტარო მარტინესმა და დენზელ დუმფრისმა.
შეხვედრის მიწურულს კი "წითლების" კარები მარკო არნაუტოვიჩმაც აიღო. ამ მატჩით სიმონე ინძაგის გუნდი 63 ქულას აგროვებს და ტურინის იუვენტუსთან სხვაობას 10 ქულამდე ზრდის. თავად "ბიანკონერი" კი თავის მატჩს დღეს ჩაატარებს, სტუმრად ვერონასთან. რაც შეეხებათ კამპანიელებს, 13 ქულა, მე-20 პოზიცია და ფიქრები სერია ბ-ზე.