თურქეთთან განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა გერმანიის ქალაქ ფელბერტში მორიგი ვარჯიში გამართა, რომელსაც ტრადიციულად ჩვენც დავესწარით. სავარჯიშო პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც თურქეთთან სასტარტო შემადგენლობაში ითამაშეს.
სამწუხაროდ, არ უვარჯიშია ოთარ კიტეიშვილსაც, რომლის დაბრუნებასაც ყველა ელოდება. წინა დღეებისგან განსხვავებით, კიტეიშვილი სტადიონზეც არ მოსულა და სასტუმროში დარჩა, სადაც დარბაზში ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
მიუხედავად მარცხისა, საქართველოს ნაკრებით მაინც მთელი ქვაყანა ამაყია და შესაბამისად, ფეხბურთელებიც კარგ განწყობაზე იყვნენ. მარცხი დასანანია, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე ჩართვა, ამ ტურნირის მნიშვნელობის, სტადიონისა და გულშემატკივრების ახლოდან შეგრძნება, მათთვის უკვე გამარჯვებაა.
შესაბამისად, ვარჯიშის წინ ფეხბურთელები ისევ თურქეთთან თამაშის მომენტებს განიხილავდნენ და კარგ ხასიათზე იყვნენ. წინა ღამით, ფეხბურთელებმა სოციალურ ქსელებს გადაავლეს თვალი, ნახეს თუ რამდენი ქართველი იყო გერმანიაში და რა ხდებოდა მათი თამაშის დღეს. რთულია, ამ კადრების ნახვის შემდეგ, კარგ ხასიათზე არ იყო.
თითქოს, მეორე დღის ვარჯიშზე გამოსული ფეხბურთელები ისევ სიგნალ იდუნა პარკზე იყვნენ და იმ ემოციებიდან არ იყვნენ გამოსულები. ფეხბურთელებისთვის ეს ვარჯიში სრულიად განსხვავებული განწყობის იყო - ივარჯიშეს, როგოც ევროპის ჩემპიონატზე ნათამაშებმა ფეხბურთელებმა, რომლებზეც მთელი ქვეყანა საუბრობს.
ვარჯიშის დაწყების წინ, ვილი სანიოლი რამდენიმე ფეხბურთელს ინდივიდუალურად გაესაუბრა, მათ შორის გიორგი გოჩოლეიშვილს. ძირითადად, დღის ვარჯიში გამძლეობას დაეთმო და ბურთით ვარჯიში ნაკლებად იყო.
გიორგი ქვილითაიამ და გიორგი გველესიანმა ჟურნალისტებთან იმ ემოციებზე ისაუბრეს, რაც მათ თურქეთთან მიიღეს, მათი შთაბეჭდილებებიც იგივეა - ამაყები არიან ნაკრების თამაშით და გერმანიაში ჩასული ამდენი ქართველი გულშემატკივრით.
უშუალოდ საქართველო-თურქეთის თამაშზე არ გვისაუბრია, რადგან ეკრანებიდან ისედავ ყველაფერი ნახეთ, თუმცა სტადიონზე, მაყურებლის პერსპექტივიდან იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ მიუხედავად თურქი ფანების გამაყრუებელი სტვენისა, ქართველი ქომაგების ქართული სიმღერები და შეძახილები სტადიონზე მაინც ისმოდა.
დღეს, ნაკრები დახურულ ვარჯიშს ჩაატარებს, ხვალ კი გერმანიის სხვა მხარეს - ჰამბურგში, გადაინაცვლებს. ისინი ჰამბურგში მატარებლით გაემგზავრებიან.