"ერთი ქართველი ჩემთვის 20 თურქს უდრის, ამიტომ არაფრის მეშინია", - გიორგი მამარდაშვილი.
წინა დღეებში
Lagazzetta.ge ექსკლუზიურად გთავაზობდათ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ინტერვიუებს, სადაც მოთამაშეები მზადების პროცესსა და მოტივაციაზე საუბრობდნენ, თუმცა გიორგი მამარდაშვილის ამ სიტყვების შემდეგ, უკვე მთლიანი ნაკრების მოტივაციის სიმძლავრე ყველასთვის გასაგებია. მამარდამ ამ სიტყვებით, გულშემატკივრების მიმართ სამოტივაციო წერილების ყუთი დახურა.

საქართველოს ნაკრებმა, ტრადიციულად, დღესაც 5 საათზე ივარჯიშა. ნაკრებში სასიამოვნო სიახლეა. მონტენეგროსთან გამოტოვებული მატჩის შემდეგ, გერმანიაში საბა კვერკველიამ პირველად ივარჯიშა.
გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ ჩაკვეტაძემ დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა. ნაკრების ლიდერის ამ სიახლეს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ქვეყანა წამიერად გააჩერა, რადგან ასეთ თამაშებში ჩაკვეტაძის არყოფნა უდიდესი დარტყმაა, თუმცა ყველაფერი რიგზეა და ჩაკვეტაძე თურქეთთან მზადყოფნაში იქნება.
როგორც წინა დღეებში მოგახსენეთ, გერმანიის ქალაქ ფელბერტში ცივი ამინდებია, მაგრამ დღეს შედარებით ცხელოდა და სტადიონზე ნაკრების მისვლის შემდეგ, მზემაც გამოანათა.
შუა ვარჯიშის დროს, ფელბერტის სიცხიანი ამინდის შესახებ კვარაცხელიამაც აღნიშნა და ცოტა გაუკვირდა კიდეც. არადა, ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ფელბერტში მალევე გაწვიმდა.
დღევანდელი ვარჯიში გრძელი გადაცემების გაკეთებას, კარში დარტყმებსა და თერთმეტმეტრიანებს დაეთმო. ჩვენმა ფეხბურთელებმა პენალტები დიდებულად დაარტყეს. გიორგი ქოჩორაშვილის ბურთთან დგომის დროს, თვალწინ საბერძნეთთან ფინალი დაგვიდგა. ქოჩორამ პენალტი ვარჯიშზეც იდენტურად შეასრულა. როგორც ჩანს, მას თერთმეტმეტრიანის საშემსრულებლო ოსტატობა უმაღლეს დონეზე აქვს აყვანილი.
გამოცდილი ფეხბურთელი, ნიკა კვეკვესკირი გრძელ გადაცემებზე ვარჯიშობდა და ზუსტ გადაცემებს აკეთებდა. თითქოს, კვეკვეს გერმანიაში გერმანელი 8-იანი დირიჟორის სული ჩაუსახლდა.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები კვლავ სასტუმროში დაბინავდნენ, ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩს ერთად უყურეს და იქაური ატმოსფეროს გემო ეკრანებიდან შეიგრძნეს. გაითავისეს ისიც, რომ ზუსტად 3 დღეში, როლები შეიცვლება და ამჯერად მაყურებელი ქართველი ხალხი იქნება, თავად კი თამაშის მთავარი გმირის როლს მოირგებენ.
დღევანდელი ინტერვიუს დროს, კითხვაზე თუ რას აკეთებს ნაკრები თავისუფალ დროს, საბა ლობჟანიძემ ხუმრობით გვიპასუხა, გვძინავსო, თუმცა რეალურად, როცა ფეხბურთელები საწვრთნელი პროცესის თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან თავისუფლდებიან, სხვადასხვა აქტივობით არიან დაკავებული - თამაშობენ "რა? სად? როდის?", "მაფიას", და სხვა გასართობ თამაშებს.