საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩი მოიგო და გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მზადების დასკვნით ნაწილს ჩაატარებს და 18 ივნისის მატჩისთვის მოემზადება. ჩვენი პირველი მეტოქე თურქეთის ნაკრებია.
Lagazzetta.ge ეროვნული ნაკრების ვარჯიშებს ყოველდღიურად დაესწრება და გაგაცნობთ ექსკლუზიურ ინფორმაციებს იქ მიმდინარე მოვლენებზე.
დღეს, გერმანიაში, საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე პირველად ვიყავით. მართლაც განსაკუთრებული დღე იყო, რადგან საქართველოს ნაკრებმა ღია ვარჯიში ჩაატარა, რომელსაც ათასობით ქართველი ქომაგი დაესწრო. გერმანიის პატარა ქალაქ ფელბერტში, სადაც ჩვენი ნაკრებია დასახლებული, ქართული დროშები ფრიალებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველების გარდა, ვარჯიშს უამრავი გერმანელი დაესწრო და ჩვენს ფეხბურთელებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
სანამ საქართველოს ნაკრების ამჟამინდელ ვითარებაზე გადავალთ, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ფეხბურთელები გერმანიის ქალაქ ფელბერტში არიან დასახლებული, მათი სასტუმრო სრულად იზოლირებულია და შესვლა არავის შეუძლია. სასტუმროს შემოგარენში ბევრ პატარა ქომაგს ვხვდებით, რომლებიც ფეხბურთელების გარეთ გამოსვლას და მათთან შეხვედრას ელოდებიან ხოლმე.
ფელბერტი პატარა ქალაქია, სადაც 100 ათასი მაცხოვრებელიც არ არის. ზედმეტად მყუდოა და ხალხმრავლობას ქალაქის ცენტრშიც კი ვერ ნახავთ. ამჟამად, გერმანიაში დაბალი ტემპერატურაა, მაგრამ სასიამოვნო ჰავა. დილასა და საღამოს ჰაერის ტემპერატურა 10, მაქსიმუმ 13 გრადუსია. ქალაქი განსაკუთრებული სიმწვანით გამოირჩევა. ნაკრების სასტუმროდან სავარჯიშო ბაზამდე სულ რაღაც 2 კილომეტრია. სასტუმროც და ბაზაც საქართველოს ნაკრების დროშებით და აბრებითაა შემოსილი, რაც ფეხბურთელებს ორმაგ მოტივაციას მატებს.
ახლა კი უშუალოდ საფეხბურთო პერიპეტიებს შევეხოთ. როგორც გითხარით, საქართველოს ნაკრებმა ღია ვარჯიში ჩაატარა. კვარას ცხრიანში გატანილ გოლს, ჩაკვეს საოცარ გადაცემებს და მამარდას სეივებს, გულშემატკივრების აჟიოტაჟი ახლდა თან. ვარჯიშამდეც და ვარჯიშის შემდეგაც ფეხბურთელებმა ავტოგრაფები დაარიგეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, რითიც გულშემატკივარიც გაახარეს და თავადაც აიმაღლეს განწყობა.
ჩვენი დაკვირვებით, ვარჯიშზე ყველაზე კარგად მაინც ჩაკვეტაძე იყო, რომელიც უკან ჩამოდიოდა და დირიჟორივით მართავდა თავის გუნდს. საოცარი მოედნის ხედვით გამოირჩა და პასებს ანაწილებდა. ერთ მომენტში, ბუდუს ბრწყინვალე გოლი გაატანინა, მაგრამ როგორც თქვეს, თამაშგარე იყო. სამწუხაროდ, ჯერ საფეხბურთო სამყაროს VAR-ის სისტემა ვარჯიშებზე არ დაუნერგავს.
რა თქმა უნდა, ჩაკვეტაძისა და ყველა მოთამაშის ასეთი მონდომება სასიამოვნოა, რადგან ვარჯიშზე გაკეთებული ყოველი ქმედება ფეხბურთელს თამაშზე გადაჰყვება ხოლმე. სამწუხაროდ, ინდივიდუალურად ივარჯიშა საბა კვერკველიამ, რომლის თურქეთთან თამაში ეჭვქვეშაა. კიტეიშვილმა დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, თურქეთთან მატჩისთვის მზად იქნება.
ვარჯიშის შემდეგ, მამარდაშვილს რამდენიმე ფეხბურთელი ინდივიდუალურად კარში ურტყამდა. გიორგი გველესიანმა 3-დან 3-ვე პენალტი გაუტანა, თან აქედან ორი პანენკა. კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ შორეული დარტყმებით აიღეს თავისი თანაგუნდელის კარი. სამაგიეროდ, ქოჩორაშვილს და დავითაშვილს მამარდამ ურთულესი ბურთები აუღო.
ვილი სანიოლი ვარჯიშში აქტიურად ჩართული არ იყო. კარის უკან იდგა და ფრანგული მზერით აკვირდებოდა თავისი შეგირდების ქმედებებს. ვილი ჩუმად იყო, მაგრამ ვარჯიშის ყველა დეტალი და აქედან სწორი დასკვნები მის მეხსიერებაშია.
მოკლედ რომ ვთქვათ, ფეხბურთელები გრძნობენ, თუ რამხელა ტურნირთან და თამაშებთან აქვთ საქმე, იციან, რომ ეს მათი კარიერის საუკეთესო ეტაპია, ითავისებენ და აქტიურად ემზადებიან ახალი ისტორიის დასაწერად.