მიმდინარე სეზონზე რაფაელ ლეაო ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ მატჩებს ატარებს. ასისტებიდან რეალური მომენტების გაფუჭებამდე - მოედანზე მის რამდენიმე ვარიანტს ვხედავთ. ლეაოს შეუძლია ერთი პასით მთელი დაცვის ხაზი მოჭრას და თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვოს, შემდეგ კი 100%-იანი მომენტი ხელიდან გაუშვას.
რაფაელ ლეაოსადმი თანაგუნდელებსაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ და ამის დასამტკიცებლად ტეო ერნანდესის ციტატაც საკმარისია: "ლეაო საოცარი ფეხბურთელია, თუ გოლი ვერ გააქვს, ასისტს აკეთებს."
ნაპოლისთან მატჩში კარგად გამოჩნდა ლეაოს ახალი როლი მილანში - დრიბლინგის ნაცვლად, მან ერთი პასით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ტეო და გამარჯვების გოლი გაატანინა. გასულ სეზონზე კი ის უფრო მეტად ინდივიდუალურ თამაშზე იყო კონცენტრირებული და როგორც კი ბურთს მიიღებდა, დრიბლინგს იწყებდა. ეს ყველაფერი სტატისტიკაშიც კარგად ჩანს - 2023/24 წლების სეზონზე ლეაოს ყველა ტურნირზე უფრო მეტი ასისტი აქვს, ვიდრე გოლი (6 გოლი და 9 ასისტი).
ლეაოს გუნდურ მოთამაშედ ტრანსფორმაციაზე გასული და წლევანდელი სეზონის სტატისტიკა მეტყველებს. სერია ა-ს გასულ წელს, მან 10 ასისტი გაიფორმა, ხოლო წელს უკვე 7 საგოლე გადაცემა აქვს და წინ კიდევ 14 ტურია.
მილანმა რაფაელ ლეაო ლილისგან 2019 წელს შეიძინა. მან გუნდის მაისური 191 შეხვედრაში მოირგო, 49 გოლი გაიტანა და 45 ასისტი გაიფორმა. 2021/22 წლებში ლეაომ როსონერისთან ერთად სკუდეტო მოიგო და იტალიის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.








