ვის გამოც ფეხბურთი შეგიყვარდა, ვის გამოც ელოდი თამაშის დაწყებას, მერე ალბათ მათ პოსტერებსაც აგროვებდი, შეიძლება ისევ შემორჩა შენს კედელს რომელიმე მათგანი და ალბათ, ხშირად გიოცნებია მოედანზე პირადად გენახა ლეგენდები. დიდი ალბათობაა, იმ ფეხბურთელებს შორის, რომელთა ნახვა ხშირად გიფიქრია ერთ-ერთი სწორედ ის არის. 7 მარტს, Sports Orient-ი, Europebet-თან პარტნიორობით, შენს სურვილებს რეალობად აქცევს. ასევე, მატჩის ერთ-ერთი პარტნიორია SMH Sports.
საქართველოს ლეგენდების ნაკრებში გიორგი ქინქლაძე, კახა კალაძე, შოთა არველაძე, აჩი არველაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ნემსაძე, ლევან კობიაშვილი, მალხაზ ასათიანი, ზურაბ ხიზანიშვილი, ჯანო ანანიძე, კახა ცხადაძე, ნუკრი რევიშვილი, გოჩა ჯამარაული და გიორგი დემეტრაძე ითამაშებენ.
რატომ არის „ლეგენდების სერიის“ პროექტი მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რა შესაძლებლობა ექნება ქართველ გულშემატკივარს და მიეცემათ თუ არა შანსი პირადად შეხვდნენ ვარსკვლავებს, - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე La Gazzetta dello Sport Georgia- სთან ინტერვიუში Sports Orient-ის დამფუძნებელმა, ოთო მუმლაძემ ისაუბრა:
- რატომ არის ქართველი გულშემატკივრისთვის და ქვეყნის პოპულარიზაციისთვის ლეგენდების მატჩების ჩატარება მნიშვნელოვანი?
- ყველაზე მნიშვნელოვანია იმ კულტურის დამკვიდრება, რომელიც ასეთი ტიპის არა მხოლოდ საფეხბურთო მატჩების, არამედ სპორტული ღონისძიებების მასპინძლობას გულისხმობს. ამ პერიოდში ქვეყანა და ქალაქი, სადაც ეს მატჩი ტარდება, ყურადღების ცენტრშია, მინიმუმ იმ კლუბებით და ლეგენდარული ფეხბურთელებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომლებიც ჯამში მრავალმილიონიან აუდიტორიას ქმნის. გარდა ამისა, თუ ქვეყანას ამ ტიპის მატჩის და ღონისძიების ჩატარება, ასეთი გუნდებისა და ვარსკვლავების მასპინძლობა მაღალ დონეზე შეუძლია, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტული, არამედ ტურისტული შესაძლებლობების კუთხითაც. საქართველო რეგიონში მთავარი ტურისტული ქვეყანაა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ღონისძიებებით სხვა ტიპის აუდიტორიასაც გავუჩინოთ ქვეყნის მიმართ ინტერესი. ესეც რომ არ იყოს, მხოლოდ საფეხბურთო ლეგენდებისა და ვარსკვლავების საქართველოში ხილვა და ამ მატჩის მიმართ ინტერესიც საკმარისია, რომ პროექტის მნიშვნელობა შესაბამისად შევაფასოთ.
- რამდენად რთულია საქართველოში ლეგენდების ჩამოყვანა და ასევე, საქართველოს
ნაკრების ლეგენდების შეკრება?
- საქართველოში ასეთი ტიპის მატჩების ჩატარების გამოცდილება არსებობს, მაგრამ მხოლოდ თბილისში და არა რეგიონში. შოთა არველაძისა და კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩები „დინამო არენაზე“ ჩატარდა, ისევე როგორც ბორჯომის ტყის აღსადგენად ჩატარებული საქველმოქმედო მატჩიც. გვინდოდა ეს პროექტი რეგიონიდან დაგვეწყო და ვფიქრობ, ბათუმი, როგორც ქალაქის, ისე სტადიონის გათვალისწინებით, ყველაზე სწორი არჩევანია. საორგანიზაციო კუთხით ადვილი, რა თქმა უნდა, არ არის ასეთი კატეგორიის მატჩების ჩატარება და ლეგენდების ჩამოყვანა, თუმცა ყველა ეს ეტაპი უკვე გავლილია. მიხარია, რომ ქართველი ლეგენდებიც სრული შემადგენლობით შევკრიბეთ და მოედანზე ყველა იმ ფეხბურთელს ვნახავთ, რომელმაც დამოუკიდებლობის შემდეგ, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე გარკვეული კვალი დატოვა.

- ვფიქრობ, დღეს ბათუმი, როგორც ქალაქი, ყველანაირ პირობას აკმაყოფილებს, რომ ასეთი კატეგორიის მატჩებს უმასპინძლოს. გარდა სანაკრებო მატჩების გამოცდილებისა, მხოლოდ ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ფინალის მასპინძლობაც კმარა, რომელიც საერთო შეფასებით, ერთ-ერთი საუკეთესო იყო ტურნირის ისტორიაში, როგორც მაყურებლის დასწრების რაოდენობით, ისე ორგანიზების კუთხით. გვინდოდა Legend Series-ის პროექტი რეგიონიდან დაგვეწყო და ამ შემთხვევაში, არჩევანი ბათუმზე გაკეთდა, თუმცა სამომავლოდ, შესაძლებელია მსგავსი პროექტი ქუთაისშიც ჩატარდეს, აეროპორტისა და ახალი სტადიონის პირობებში, ეს რეალურია. როგორც ბათუმში, ისე ქუთაისში ფეხბურთის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულია, ამას საკუთარი კლუბების მხარდაჭერაც ადასტურებს.
- გულშემატკივრისთვის ასევე საინტერესოა ის შესაძლებლობა, რომელსაც თქვენი პროექტი იძლევა, ვგულისხმობთ ვარსკვლავებთან პირადად შეხვედრას, რა დრო იქნება გამოყოფილი გულშემატკივრებისთვის?
- ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო „ინტერთან“ მოლაპარაკებების დროს. გვინდა მაქსიმალურად მეტმა ადამიანმა მოახერხოს როგორც ქართველ, ისე უცხოელ ლეგენდებთან შეხვედრა. მატჩის დღეს, სპეციალური სივრცე და დრო იქნება გამოყოფილი, სადაც გულშემატკივარი ვარსკვლავებთან შეხვედრას, მათგან ავტოგრაფების მიღებასა და სამახსოვრო ფოტოების გადაღებას მოახერხებს. გვინდა ეს ბარიერი მაქსიმალურად მოვხსნათ და ადგილობრივი გულშემატკივრისთვის, მატჩის გარდა, მსგავსი მომენტებიც დასამახსოვრებელი იყოს.
- რამდენად დიდია ინტერესი ბიზნესის მხრიდან?
- მატჩს 15-მდე პარტნიორი და სპონსორი ეყოლება, მათ შორის SMH Sports-ი, მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობა ქართულ ბიზნესს წარმოადგენს. ამ მხრივ ინტერესი საკმაოდ მაღალია. ბიზნესის ინტერესთან ერთად, გულშემატკივრის ინტერესიც ცალსახაა, ამ მომენტისთვის, ბილეთების 90%-ზე მეტი გაყიდულია, რაც იმას ნიშნავს, რომ 7 მარტს სტადიონი აჭარაბეთ არენა სრულად შეივსება. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ Legend Series-ის პროექტის ფარგლებში, ბიზნესის და კომპანიების ინტერესი წლიდან წლამდე უფრო გაიზრდება, იმის გათვალისწინებით, რომ მომდევნო წლებში კიდევ უფრო ლეგენდარულ მოთამაშეებს მოვიწვევთ.
- ლეგენდების მატჩი, რომ გულშემატკივრისთვის ხელმისაწვდომია, ამაზე ბილეთების ფასიც მეტყველებს, რით იხელმძღვანელეთ ბილეთების ფასის განსაზღვრისას და ხელმისაწვდომობა შენარჩუნებული იქნება თუ არა სხვა მატჩებშიც?
- ამ კუთხით ბევრი არ გვიფიქრია. როცა ასეთი კატეგორიის მატჩს ატარებ, ყველაზე მნიშვნელოვანი გულშემატკივრის პოზიციის მაქსიმალურად გათვალისწინებაა. ვფიქრობ, ბილეთების პროპორციაც და განფასებაც კარგად არის შერჩეული, რადგან 15 - 20 ლარად ყველაზე მეტი ბილეთი იყო ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა, ბილეთებზე ხელმისაწვდომი ფასი მომავალ მატჩებშიც შენარჩუნებული იქნება.
- პროექტი დაახლოებით 3 წელზეა გათვლილი, მიმდინარე წლის განმავლობაში სავარაუდოდ, რამდენი თამაშის ჩატარება მოხერხდება და თუ არის ცნობილი რომელი იქნება შემდეგი მატჩი?
- ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ წელიწადში ერთი მატჩი ჩატარდეს. პროექტის მთავარ სპონსორ და თანაპარტნიორთან ერთად ასეთი შეთანხმება გვაქვს, თუმცა გულშემატკივრის განწყობისა და უკუკავშირის გათვალისწინებით, შესაძლოა, ეს შეიცვალოს და წელიწადში ორჯერ ჩატარებაზეც ვიფიქროთ. თუმცა, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 7 მარტის მატჩი საუკეთესოდ იყოს ორგანიზებული და ამ კუთხით არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩეს. ეს ფაქტორი, რა თქმა უნდა, სხვა გუნდების მოწვევის კუთხითაც მნიშვნელოვანი იქნება. Გუნდების, წარმომადგენლები მასპინძელი ქვეყნისა და ორგანიზატორების შესახებ ინფორმაციას მუდმივად ცვლიან, რაც ცხადია, კლუბების გადაწყვეტილებაზეც ახდენს გავლენას.
- ლეგენდების მატჩების რეგულარულად ჩატარება რას მისცემს საქართველოს?
- პროექტის შინაარსი და მოტივაცია საინტერესოა, მაგრამ, ამ კითხვას, პირველი მატჩის შემდეგ, გულშემატკივრის, მედიის, თავად ფეხბურთელებისა და მასპინძელი ქალაქის უკუკავშირი ყველაზე კარგად გასცემს პასუხს. იმედია, ბათუმს 7 მარტს დაუვიწყარ დღეს ვაჩუქებთ.








