როგორც მოგეხსენებათ, იუვენტუსმა ტურინულ დერბიში თანაქალაქელი მოწინააღმდეგე 2:0 დაამარცხა. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი და ტორინოს კარში მე-2 ბურთის ავტორი გამოდგა ქენან ილდიზი, რომელსაც ტურინული კლუბის მაისურით 48 მატჩში უკვე 8 გოლი დაუგროვდა. გუშინდელი დაპირისპირება გამორჩეული იყო კიდევ ერთი ფაქტით:
9 ნოემბერს ლეგენდარულ ალესანდრო დელ პიეროს შეუსრულდა 50 წელი, თურქ თავდამსხმელს კი ეს ფაქტი არ გამოჰპარვია. ახალგაზრდა შემტევმა "ხარების" კარში გატანილი ბურთი აღნიშნა სწორედ ყოფილი იტალიელი ფორვარდის სტილში, მატჩის შემდეგ კი მოგებაც და გოლიც სწორედ თავის კერპს მიუძღვნა.
"ეს გოლი ეძღვნება ჩემს კერპს, დელ პიეროს. გილოცავ დაბადების დღეს და მადლობა ყველაფრისთვის", - განაცხადა "ბებერი ქალბატონის" თავდამსხმელმა. ვეტერანი იტალიელი ფორვარდის პასუხმა არ დააყოვნა: "მადლობა. მეც გილოცავ მორიგ ლამაზ ბურთს", - დაწერა მან.