ჰაიდენჰაიმი კვლავ დამარცხდა, ამჯერად მიუნხენგლადბახის ბორუსიასთან, ანგარიშით 0:3. კონფერენს ლიგის პლეიოფში, კოპენჰაგენთან პირველ შეხვედრას თუ არ ჩავთვლით, "როთბლაუსი" 11 იანვრის შემდეგ ვერ იგებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბუდუ ზივზივაძეს თავის ახალ გუნდში გოლი გატანილი ჯერ არ აქვს.
ბუნდესლიგაში ჩატარებული 24 ტურის შემდეგ, ბადენური გუნდი 15 ქულით არის მე-17 ადგილზე და ქვედა დივიზიონში დაქვეითების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ერთი სიტყვით, "ლურჯ-წითლები" იმყოფებიან კრიზისში, მათი ქართველი ფორვარდის მშრალი სერია კი გრძელდება. საინტერესოა, როგორ მისდის საქმეები ფრანკ შმიდტის კოლექტივის ახალწვეულის ექს-გუნდს, კარლსრუეს?
30 წლის თავდამსხმელის წასვლის შემდეგ, "ვაისბლაუსში" ასევე შეინიშნებოდა კრიზისი და აღნიშნულმა გუნდმა ზედიზედ შვიდთამაშიანი მოუგებელი სერია გამოაცხო. ბადენელებისთვის საბედნიეროდ, გარდატეხა მაინც მოხდა: ზედიზედ 2 მოგება ბოლო 2 ტურში: ერთი მაგდებურგთან, მეორე კი კიოლნთან.
"თეთრ-ლურჯები" 36 ქულით არიან მეცხრე ადგილზე და ბუნდესლიგის საპლეიოფო ადგილს ხუთი ქულით ჩამორჩებიან. შეგახსენებთ იმასაც, რომ ფოიტ-არენაზე გადასვლამდე, საქართველოს ეროვნული გუნდის მე-8 ნომერი იყო ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი, მისი გუნდი კი მე-2 პოზიციაზე იმყოფებოდა.
როგორც ვხედავთ, ვილდპარკის ბინადრები ათამაშდნენ, რასაც ვერ ვიტყვით ჰაიდენჰაიმსა და ზივზივაძეზე. ბუნდესლიგის დასრულებამდე რჩება 10 ტური, "როთბლაუსს" ჯერ კიდევ წინ აქვს მატჩები მიუნხენის ბაიერნთან, ლევერკუზენის ბაიერსა და შტუტგარტთან.