მანჩესტერ სიტის თავდამსხმელი, ხულიან ალვარესი გუნდის გამოცვლაზე ფიქრობს. ახალგაზრდა შემტევს მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, რისი შესაძლებლობაც მას "ქალაქელებში" არ აქვს. არგენტინელი ფორვარდის სახელს მადრიდის ატლეტიკოს უკავშირებენ. ამ ყველაფერზე კომენტარი გააკეთა "ლურჯების" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ:
"ვიცი, რომ ალვარესს მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, თუმცა იგივე სურვილი სიტის სხვა ფეხბურთელებსაც აქვთ. ჩემს განკარგულებაში არის 18-19 ისეთი მოთამაშე, რომელსაც ძირითადში თამაშის პრეტენზია აქვს. ხულიანი მანჩესტერული გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მისი ამბიციები კი ჩემთვის მისაღებია", - განაცხადა ესპანელმა ტაქტიკოსმა.
ეტიჰადელთა მწვრთნელის სიტყვებს თავად არგენტინელი თავდამსხმელი გამოეხმაურა:
"გავიგე რაც მან თქვა. ვერაფერს დავამატებ. ცუდი არაფერი მითქვამს, მხოლოდ ის, რომ მეტი სათამაშო დრო მჭირდება. სიტიში ბედნიერი ვარ, მაგრამ მოსაფიქრებლად დრო მჭირდება", - განაცხადა მანჩესტერული გუნდის ფორვარდმა.