დღეს, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში Globe Soccer Awards-ის ცერემონია გაიმართა, სადაც 2023 წლის შედეგების გათვალისწინებით, საუკეთესოები დააჯილდოვეს.
საუკეთესო ფეხბურთელად „მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი დაასახელეს.
2023 წლის საუკეთესო მწვრთნელი „მანჩესტერ სიტის“ თავკაცი პეპ გვარდიოლა გახდა. მისი ხელმძღვანელობით ინგლისურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა, ინგლისის თასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი „მადრიდის რეალის“ ვარსკვლავი ჯუდ ბელინგემი გახდა.
„ალ ნასრის“ პორტუგალიელ ვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს ახლო აღმოსავლეთის საუკეთესო ფეხბურთელისა და წლის ბომბარდირის ჯილდო გადაეცა. ასევე, გულშემატკივრებმა 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
Globe Soccer Awards-ის დაჯილდოება ევროპული კლუბების ასოციაციისა და საფეხბურთო აგენტების ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.
შეგახსნებთ, Globe Soccer Awards-ის თავდაპირველ, 30 კანდიდატს შორის ხვიჩა კვარაცხელიაც იყო, თუმცა 11 ნომინანტს შორის ვეღარ მოხვდა.